დღეს საღამოს ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება და სპეციალისტები უკვე მსჯელობენ, შედგება თუ არა იტალიური ფინალი. მათი აზრით, ერთ წყვილში იტალიური კლუბი უპირობო ფავორიტია და საკითხავი მხოლოდ მეორე დაპირისირების შედეგია.
ჯაბა კანკავას დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” ნახევარფინალში პირველად გავიდა და რა გასაკვირია, ფავორიტად რომ არ ითვლება. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, უკრაინელები იტალიურ კლუბებს რვაჯერ ეთამაშნენ, ერთი თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს, ექვსჯერ კი, დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ “დნიპრომ” იტალიელებთან ჩატარებული ბოლო ხუთი შეხვედრა წააგო, მათ შორის ორი მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მილანის “ინტერთან”. ის 2012/2013 წლების ჯგუფურ ეტაპზე უშუალოდ “ნაპოლისაც” ეთამაშა და შინ 3:1 მოუგო, ხოლო სტუმრად 2:4 დამარცხდა. მაშ რატომ არ უნდა ჰქონდეთ დნეპროპეტროვსკელებს წარმატების იმედი?!
ყოველ შემთხვევაში, უკრაინელი ფეხბურთელები იმედიანად არიან: “ახლა წინ ორი უმნიშვნელოვანესი თამაში გველის. სასიამოვნოა, ისტორია რომ გადავწერეთ, მაგრამ ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებთ. ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით და მეტ შედეგს არავინ გვთხოვს. მაგრამ შეგვიძლია მეტის მიღწევა და ამას ვეცდებით. დისციპლინას კლასი ადრეც დაუმარცხებია და ვნახოთ რა მოხდება” - ამბობს “დნიპროს” მცველი არტიომ ფედეცკი.
“იტალიელების ძალა და ოსტატობა ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ამ ეტაპზე იოლ მეტოქეს არც ველოდით. ჩვენთვის საინტერესოა მათთან თამაში. არაფრის გვეშინია და მოედანზეც დამშვიდებულები გავალთ”, - ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის მირონ მარკევიჩის სიტყვებია.
კიდევ უფრო იმედიანადაა “დნიპროს” ლიდერი ევგენი კონოპლიანკა: “ვფიქრობ, სასწაულის მოხდენა შეგვიძლია. ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ბევრს ისიც არ სჯეროდა, აქამდე რომ მოვიდოდით, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობდი. არც ის გამიკვირდება, ევროპის ლიგას თუ მოვიგებთ. მთავარი განწყობაა. ხომ ხედავთ როგორ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ? დარწმუნებული ვარ, თავს არც ჩემპიონთა ლიგაზე შევირცხვენთ”.
მეტოქის ძალას აფასებს “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესიც: “ახლა ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ და ევროპა ლიგის ფინალში გასვლა კლუბისათვის ფანტასტიკური მიღწევა იქნება. “დნიპრო” ძალიან ცოტა გოლს უშვებს და წელს სულ ორჯერ დამარცხდა. მის შემადგენლობაში გამოცდილი, ამბიციური ფეხბურთელები გამოდიან. მეტოქე კარგად თამაშობს დაცვაში და სახიფათო კონტრშეტევები ეხერხება. ესაა ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი და მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. გულშემატკივარმაც უნდა იცოდეს, რომ მათი მხარდაჭერა ძლიერ დაგვჭირდება. მოედანზე გავლენ ის ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არიან. ჩვენ შერჩეული გვაქვს ტაქტიკა და მან თუ ვერ იმუშავა, სხვა ვარიანტებიც არსებობს”.
აღსანიშნავია, რომ “ნაპოლის” ევროთასებზე აგერ უკვე 12 საშინაო თამაშია მარცხი არ განუცდია. ბოლოს ეს გუნდი ნახევარფინალში 1989 წელს გავიდა და მაშინ უეფას თასსაც დაეუფლა. ნეაპოლელთა ბომბარდირი გონსალო იგუაინი საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა (7 გოლი) და თითო გოლით ჩამორჩება რომელუ ლუკაკუს (“ევერტონი”) და ალანს (“ზალცბურგი”), რომლებიც გათამაშებას უკვე გამოეთიშნენ. ევროპის ლიგაზე “ნაპოლი” ყველაზე შედეგიანი გუნდია და ძირითად ბადეში 25 გოლი გაიტანა (2,08 გოლი საშუალოდ), მაშინ, როდესაც “დნიპროს” ანგარიშზე 12 მატჩში მხოლოდ 11 გოლია (0,92 საშუალოდ). უკრაინელებმა ყველაზე მეტჯერ დაარღვიეს თამაშის წესი - 210 და მიიღეს სხვებზე მეტი ყვითელი ბარათი. მსაჯმა უკრაინული კლუბის ფეხბურთელები 43-ჯერ გააფრთხილა და ეს 10-ით მეტია მეორე ადგილზე მყოფ გუნდზე. თუმცა, “დნიპროს” ფეხბურთელებზე მეტოქეები ასევე ხშირად ჯარიმდებოდნენ - 199. “ნაპოლის” ევროპის ლიგაზე ყველაზე მეტჯერ აქვს მეტოქეთა კარის ჩარჩოში დარტყმული (88) და ამის გარდა 9-ჯერ ბურთი ძელმა ან ხარიხამ აისხლიტა.
მეორე იტალიურ კლუბ “ფიორენტინას” ფინალში გასასვლელად თასის მფლობელი “სევილიას” შეჩერება სჭირდება და პირველ მატჩს ის ესპანეთში გამართავს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. ესპანელებმა უეფას ტურნირებზე საკუთარ მოედანზე ჩატარებული ბოლო რვავე მატჩი მოიგეს, მათ შორის ექვსი ამ სეზონში. სამაგიეროდ, “ფიორენტინას” ევროთასების გასვლით მატჩებში აგერ უკვე 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. ესპანელებს ნახევარფინალში აქამდე სამჯერ უთამაშიათ და ფინალში სამივე შემთხვევაში გავიდნენ, ხოლო იტალიელებმა ნახევარფინალი ექვსიდან ოთხ შემთხვევაში გადალახეს.
უნაი ემერი (“სევილიას” მთავარი მწვრთნელი): “განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ მარიო გომესს, მოჰამედ სალაჰს და ბორხა ვალეროს, ასევე მარკოს ალონსოს, როდესაც ისინი შეტევაში წავლენ. “ფიორენტინა” ძალიან ახლოსაა სეზონის წარმატებულად დასრულებასთან. ჩვენი გუნდები ერთმანეთს ჰგვანან, განსაკუთრებით მოპოვებული ჯილდოების რაოდენობით და ახლა ფინალში გასვლის შანსი თანბარია. “ფიორენტინამ” ბრძოლიდან 3 ბრწყინვალე გუნდი გამოთიშა - “რომა”, “ტოტენჰემი” და კიევის “დინამო”. მათ მრავლად ჰყავთ უმაღლესი დონის შემსრულებლები. მაგალითად, კარგად ვიცნობ ხოაკინს, რომელსაც “ვალენსიაში” ვავარჯიშებდი.
“სევილიაში” თავს კარგად ვგრძნობ და ახლა მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობ. ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული მომენტი დადგა და ორივეს შეუძლია საკუთარ ისტორიაში ახალი თავის ჩაწერა. წარსული შესანიშნავი გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ წარსულია. ახლა მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რაც ახლა მოხდება. წინ გველის 2 თანაბარი ძალის მქონე გუნდის ბრძოლა, რომელთაც ტიტულის მოგება უნდათ. ბრძოლა 180 წუთი გაგრძელდება და იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს”.
ვინჩენცო მონტელა (“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი): “სასიამოვნოა ნახევარფინალში თამაში და ფინალში გასვლის შანსის ქონა. არ არსებობს ზუსტი რეცეპტი, რომელიც “სევილიას” დამარცხებაში დაგვეხმარება, რადგან ესაა გუნდი სუსტი წერტილების გარეშე. მათ იციან თავის დაცვა, შეტევა და კონტრშეტევა. ბოლო დროს “სევილია” ძალიან კარგად თამაშობს ევროთასებში. ეს იქნება ძალიან კარგი თამაში ორივე გუნდისა და გულშემატკივრებისთვის. შეხვედრა შესანიშნავი ატმოსფეროს ფონზე ჩაივლის და ვიმედოვნებ ეს ჩემს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას შესძენს.
უნაი ემერი ჩინებული მწვრთნელია. მან ეს წარსულში არაერთხელ დაამტკიცა და ამას ახლაც აგრძელებს. პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან არ მგონია ის რომელიმე გუნდმა ძალიან დიდი სხვაობით მოიგოს. თუ ხალხი “სევილიას” ფავორიტად მიიჩნევს, ეს ჩვენთვის მხოლოდ დამატებითი სტიმული იქნება”.
ევროპა ლიგის ნახევარფინალები. პირველი მატჩები
7 მაისი. 23:05 საათი (თბილისის დრო)
ნაპოლი. “სტადიო სან პაოლო”
ნაპოლი (იტალია) - დნიპრო (უკრაინა)
ნაპოლი (სავარაუდო შემადგენლობა): ანდუხარი, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულიამი, ინლერი, ლოპესი, ინსინე, ჰამშიკი, კალეხონი, იგუაინი.
ვერ ითამაშებენ: გარგანო, მიკუ, სუნიგა, დე გუზმანი
დნიპრო (სავარაუდო შემადგენლობა): ბოიკო, ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, ლეო მატოსი, კანკავა, როტანი, ფედორჩუკი, ლუჩკევიჩი, კონოპლიანკა, კალინიჩი.
ვერ ითამაშებენ: მაზუხი, ზოზულია, შახოვი
სევილია. “ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანი”
სევილია (ესპანეთი) - ფიორენტინა (იტალია)
სევილია (სავარაუდო შემადგენლობა): რიკო, კოკე, კარისუ, კოლოძეიჩაკი, ტრემულინასი, ბანეგა, კრიხოვიაკი, ალექს ვიდალი, იბორა, ვიტოლო, ბაკა.
ვერ ითამაშებს: პარეხა
კითხვის ნიშნის ქვეშ: ბეტუ
ფიორენტინა (სავარაუდო შემადგენლობა): ნეტო, ტომოვიჩი, სავიჩი, როდრიგესი, ალონდო, ბორხა ვალერო, პისარო, ფერნანდესი, ხოაკინი, სალახი, გომესი.
ვერ ითამაშებენ: ბაბაკარი, როსი