ფეხბურთი

19:04 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ლიგის მატჩი სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა

საქართველოს მეორე ლიგის დასავლეთი ზონის 24-ე ტურის მატჩი ბაღდათის “საირმესა” და ვანის “სულორს” შორის სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Topnews-ი ავრცელებს.

როგორც Topnews-თან საუბრისას ინცინდენტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, თამაშის ჩაშლის მიზეზი ბაღდათის გამგებლის საქციელი გახდა, რომელმაც ვანელ გულშემატკივრებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ბაღდათის გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ აღნიშნული ფაქტი უარყო, მან მატჩის ჩაშლაში სტუმრები დაადანაშაულა.

“ინცინდენტი არ ყოფილა. მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება, თამაში შეეწყვიტათ, რადგან ჩათვალეს, რომ მათ ხელს უშლიდნენ. დღევანდელ თამაშს ვანის გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ეს ხომ ფეხბურთია, სპორტია, გასართობია და აქედან ის ხომ არ უნდა გააკეთო, რომ წაგება არმაგედონიაო. ვანის გუნდს ბევრი ნასვამი ახლდა. ქვების სროლა დაიწყეს. მე ვუთხარი, რომ თუ აქ დედის საგინებლად იყვნენ მოსული, ჩვენგანაც იგივეს მიიღებდნენ. სტუმარი გუნდის მეკარე საერთოდ გაიქცა მოედნიდან და ვიღაცასთან გააბა ლაპარაკი. უაზრობები ხდებოდა. მე პირადად შეურაცხყოფა მომაყენეს და ამ შეურაცხყოფაზე ვუპასუხე” – განაცხადა Topnews-თან ირაკლი გეგეშიძემ.

ვანის გამგებელმა ზაზა ხურციძემ სატელეფონო ზარი უპასუხოდ დატოვა.

მეორე ლიგის დასავლეთ ზონაში 15 კლუბი მონაწილეობს. სატურნირო ცხრილს 59 ქულით “იმერეთი” ლიდერობს, მას სამი ქულით ჩამორჩება ვანის “სულორი.” ვანის გუნდს ლიდერთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ “საირმესთან” შეხვედრა ჩაიშალა.

0.118157