ფეხბურთი

13:20 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: “გაუგებარია მაინც და მაინც “ჩიხურას” სახელმა რატომ გაიჟღერა”

საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მატჩების ჩაწყობაში დაკავებული 8 პირიდან ერთ-ერთთან, დავით გენძეხაძესთან იმერულ კლუბს ურთიერთობა 2012 წლის შემოდგომის მერე არ ჰქონია.

სოსო ფრუიძე: “ეს კაცი ჩვენთან 2011-2012 წლების სეზონში მუშაობდა, როდესაც პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადავედით. 2012-2013 წლების სეზონის პირველ წრეშიც კლუბში იყო და მას მერე “ჩიხურასთან” შეხება არ ჰქონია.

საერთო ჯამში, წელიწადნახევარი იმუშავა და კლუბში სელექციონერი იყო. ის ჩვენამდეც მუშაობდა სხვადასხვა კლუბებში და მერეც, ამიტომ, გაუგებარია მაინც და მაინც “ჩიხურას” სახელმა რატომ გაიჟღერა. საერთოდ, არ მეგულება საქართველოში მწვრთნელი, ფეხბურთელი, ფედერაციის წარმომადგენელი თუ ჟურნალისტი ვინც მას არ იცნობს”.

- “ჩიხურადან” რატომ დაითხოვეთ? მსგავს “ბინძურ” საქმეებში შემჩნეული ხომ არ იყო?

- უბრალოდ, აღარ დაგვჭირდა და სელექციას თავად ვაწარმოებდით. მითუმეტეს, იმ დროისთვის კლუბში ადგილობრივმა მწვრთნელებმა A ლიცენზია აიღეს. თუ მე და ფიზმომზადების მწვრთნელს არ ჩავთვლით, კლუბის პერსონალი და სამწვრთნელო შტაბი ადგილობრივი კადრებითაა დაკომპლექტებული.

- საქართველოში “ჩაწყობილი” მატჩების პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს?

- ძალიან ცუდია რაც მოხდა ფეხბურთისთვის და ამ სფეროში დაკავებული ხალხისთვის. რა თქმა უნდა, ტოტალიზატორი ფეხბურთს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია და ერთიანად ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ მინიმუმამდე უნდა დავიდეს. პროკურატურამ, ფეხბურთის ფედერაციამ და იმ ხალხმა ვინც ქართულ ფეხბურთში ვსაქმიანობთ პრობლემა ერთობლივი მუშაობით უნდა მოვაგვაროთ.

0.118671