კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ განაცხადა, რომ მძიმე დაპირისპირების მოლოდინშია და მისმა გუნდმა არა პეპ გვარდიოლას, არამედ ჩინებულ ფორმაში მყოფ “ბაიერნს” უნდა მოუგოს.
“ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვექნება საქმე, მაგრამ თავს პოზიტიურად ვგრძნობ. პეპს ვიცნობ და ვიცი შეიძლება მოულოდნელობები მოხდეს, რაც ყველაფერს გადაწყვეტს. სეზონის განმავლობაში ბევრ პრობლემებს ვაწყდებოდით, მაგრამ ამავდროულად მეტოქეს ვაოცებდით დაწინაურებით. “ბაიერნი” გვარდიოლას მისვლის შემდეგ განსხვავებული სტილის გუნდია. ორი აზრი არ არსებობს, გერმანული გუნდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ არ ვფიქრობთ პეპის დამარცხებას, ჩვენ “ბაიერნის” დამარცხება გვინდა.
არ ვფიქრობ, რომ პეპს ჰქონდეს ეჭვები თუ რას ვაპირებთ მომდევნო მატჩში. ორივეს გვინდა ბურთის ფლობა და ვნახოთ ვინ უკეთეს ფორმაშია. მე და გვარდიოლა ბერლინში შეხვედრაზე შევთანხმდით, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. ფეხბურთელებისთვის კარგი იქნება გვარდიოლას კვლავინდებურად ნახვა, მაგრამ მათთვის მატჩი უფრო მნიშვნელოვანია. შეხვედრის შემდეგ ყოველთვისაა დრო გამარჯობის სათქმელად.” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
“ბარსელონასა” და “ბაიერნის” დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩს იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის.