სუპერლიგის პლეი ოფის მეოდხედფინალური სერიის ,,ქუთაისი-2010“ -,,ბათუმის“ დაპირისპირების პირველ შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა. რეგულარული პირველობის საბოლოო ცხრილიდან გამომდინარე ფავორიტებად რიონისპირელები ითვლებოდნენ, თუმცა მოლოდინის საწინააღმდეგოდ აჭარლებმა უკეთ იასპარეზეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
არადა შეხვედრის დასაწყისი ზღვისპირელებს კარგს არაფერს უქადდა. მატჩის დებიუტში თანაბარი თამაშის შემდეგ ქუთათურებმა მეტოქეს 10:0 გაქცევა მოუწყვეს და პირველი მეოთხედი 11-ქულიანი სხვაობით - 20:9 დაამთავრეს.
მატჩის გარდამტეხი მომენტი მეორე პერიოდში დადგა. სტუმრებმა რიონისპირელთა შევიწროება დაიწყეს. ისინი მეტოქის კალათს მეთოდურად უტევდნენ და ასევე ათქულიანი გაქცევის შემდეგ ტაიმის ბოლოს პირველად წინ გასვლაც მოახერხეს -31:33.
აღსანიშნავია, რომ ამ მეოთხედში სრული ძალით ათამაშდა ამერიკელი იანგი, რომელსაც კარგად აუბეს მხარი მისმა თანამემამულეებმა კელოგმა და ფლეჩერმა. ლეგიონერთა ტრიომ პარკეტზე თითქმის სრული სათამაშო დრო დაჰყო და დიდი როლი ითამაშა აჭარელთა წარმატებაში.
შეხვედრის მეორე ნახევარი სტუმართა უპირატესობით გაგრძელდა და ერთ მომენტში სხვაობამ მათ სასარგებლოდ 9 ქულა შეადგინა - 38:47.
ამის შემდეგ ქუთათურებიც გააქტიურდნენ, მათგან ფაშაევი და დავით ბარბაქაძე გამოირჩეოდნენ, რომლებმაც ზუსტი სამქულიანი სროლებით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. მეოთხედის ბოლოს რამდენიმე ეფექტური ჩატენვა განახორციელა ქუთაისელი გულშემატკივრების ფავორიტმა აბდულა ნდოემ და მეოთხე პერიოდის დაწყების წინ ტაბლო თანაფარდობას აჩვენებდა - 51:51.
შეხვედრის ბოლო მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თამაში კარგა ხანს ქულა-ქულაში მიდიოდა, თუმცა უკანასკნელ წუთებზე უფრო გააზრებულად აჭარლები გაისარჯნენ. მათ შედარებით ნაკლები შეცდომა დაუშვეს და პლეი ოფის პირველი მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს - 75:78 სტუმართა სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლით აბდულა ნდოე და ქრისტოფერ ფელჩერი გამოირჩნენ. ქუთათურთა სენეგალელმა ლეგიონერმა 13 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ფელჩერს.
ასევე კარგი შედეგი აჩვენეს ფაშაევმა და იანგმა. პირველ მათგანს 15 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, ხოლო იანგმა ყველაზე მეტი-22 ქულა მოინაგრა, თუმცა ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:
მედეა მხეიძე (,,ქუთაისი-2010’’-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): ,,ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ამის უპირველესი მიზეზი ის არის, რომ სპორტის სასახლე ამ დღეებში სხვადასხვა ღონისძიებებით იყო დატვირთული და პარკეტზე ვარჯიშის საშუალება არ მოგვეცა. გიგი ბარბაქაძის არყოფნაც დაგვეტყო. შევეცდებით ხვალ უკეთ ვითამაშოდ და ანგარიში გავათანაბროდ.“
დავით უსტიაშვილი (,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,კარგია რომ გამარჯვებით დავიწყეთ, თუმცა მთავარი სირთულეები წინ გველოდება, ამიტომ მოდუნება ერთი წუთითაც არ შეიძლება. დანაკლისი ჩვენც გვქონდა. ბოლქვაძე და თენეიშვილი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს.“
ქუთაისი - ბათუმი 75:78 (20:9, 11:24, 20:18, 24:27)
სერიის ანგარიში 0:1