ფეხბურთი

20:51 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გია ჭიაბრიშვილი: “ნებისმიერი ვინც ასეთი ფორმით ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის უნდა მოიკვეთოს”

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა, რომელმაც წელს გუნდი პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “ჩაწყობილ” მატჩებში მონაწილე პირებისგან ქართული ფეხბურთი ერთხელ და სამუდამუდ უნდა “გაიწმინდოს”.

- “საბურთალო” პირველ ლიგაში ასპარეზობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 5 მაისს გაჟღერებული ფაქტების შესახებ თქვენ თუ გსმენიათ რამე?

- აქამდე, როგორც ყველას, ლაპარაკის დონეზე მეც გამეგო. თუმცა, ჭორის დონეზე საუბარი ყოველთვის ძნელია. მივესალმები ყველა ქმედებას, რომელიც ქართული ფეხბურთის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს. ვინც ფეხბურთის წინსვლას ხელს უშლის ყველა დასასჯელია. დასაჭერად არავინ მემეტება, მაგრამ ნებისმიერი, ვინც ასეთი ფორმით ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის, უნდა მოიკვეთოს.

- “ჩხერიმელა”, სტუ ის გუნდებია, რომელთა წარმომადგენლები “ჩაწყობაში” მონაწილეობდნენ. ისინი A ზონაში “საბურთალოსთან” ერთად გამოდიოდნენ. მანამდე, ხომ არ შეგიმჩნევიათ ამ გუნდების მხრიდან მსგავსი “სიბინძურეები”?

- ჩემი პრინციპია, რომ ფეხბურთში როდესაც ხარ, ცუდად ჩატარებული ნებისმიერი თამაშის დროს მიზეზი არა მოწინააღმდეგეში, მსაჯში ან სხვა ფაქტორებში, არამედ, საკუთარ თავში უნდა ეძებო. ამ პიროვნებებზე, ვისმა გვარებმაც გაიჟღერა, საუბარი სულ იყო. თუმცა, ასე არ გამოვა, რომ დღეს დავიჭირო და ხვალ ვაპატიო. ფეხბურთის ფედერაციამაც მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს. გვახსოვს, რომ თავის დროზე მსგავსი ფაქტების გამო დააკავეს ფეხბურთელები და მერე თამაშის უფლება ისევ მისცეს. ფედერაციისა და სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნება უნდა იყოს, ფეხბურთი ასეთი ხალხისგან “გაიწმინდოს”. თორემ, მომავალში არც ჩემს და არც თქვენს საქმიანობას აზრი არ ექნება.

- გამოდის, რომ პირველი ლიგა ასე “დაბინძურებულია”?. სხვაგვარად ვერ იფიქრებ, რადგან A ზონაში 10 გუნდია და სამის წარმომადგენელი დააკავეს.

- რეალობა ესაა. ტყუილად არაფერი ხდება. 8 ადამიანია დაჭერილი და დაუჯერებელია, რომ ამდენი ფაქტი იყოს და ქართული ფეხბურთის “გაწმენდა” არ შეიძლებოდეს. სულ მესმის საუბარი, რომ 90 პროცენტი “გასაწმენდია”. თუ ასეა, მაშინ, ავდგეთ და ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ციხეში გასაშვებად ყველა მეცოდება. თუმცა, საქმისადმი შუალედური მიდგომა არ გამოდის. ასეთი ადამიანები გამოდიან და მორალს გვიკითხავენ, არადა, როდესაც ფაქტები არაა პრეტენზიას ვერ წაუყენებ. ჩემი აზრით, ასეთი ამბები არც ფეხბურთელებით იწყება და არც მსაჯებით. უფრო მაღალ დონეზეა “გასაწმენდი”. თორემ, მხოლოდ ქვედა ეშელონებში დაჭერები არაფერს მოგვცემს.

0.11436