კალათბურთი

16:48 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” ნახევარფინალამდე ერთი მოგებაღა აშორებს

დასრულდა პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრა “დინამოსა” და ”მგზავრები-არმიას” შორის. აღნიშნული შეხვედრა “დინამომ” 86:70 მოიგო და ნახევარფინალამდე ერთი მოგებაღა აშორებს.

ამ გუნდების წინა შეხვედრიდან განსხვავებით, რომელიც “დინამომ” 2 ქულის სხვაობით 84:82 მოიგო, ჩემპიონი დღევანდელ შეხვედრას მეტი სერიოზულობით მოეკიდა და პირველივე წუთებიდან დაწინაურდა. “დინამო” მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და თასის მფლობელის, “დინამოს” წარმატება ამ შეხვედრაში ეჭვქვეშ არ დამდგარა.

ამ შეხვედრაში საუკეთესო შედეგი “მგზავრები-არმიას” უკანახაზელმა ტამირ ჯექსონმა აჩვენა, რომელმაც 20 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. “დინამოს” მხრიდან ყველაზე კარგი შედეგი ამერიკელ ლეგიონერ მძიმე ფორვარდ გარიკ შერმანსა და მის დინამოელ ქართველ კოლეგა ილია ლონდარიძეს ჰქონდა, რომლებმაც შესაბამისად 15 ქულით, 14 მოხსნით და 14 ქულით, 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულეს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ფაქტია, რომ უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე გუშინ. შევძელით შედარებით სრულყოფილი როტაცია, დაცვაშიც დავალებები მეტნაკლებად უკეთესად შევასრულეთ და შედეგიც სახეზეა. სერია 3 მოგებამდე გრძელდება, ამიტომ დამთავრებული არაფერი არ არის. ეს კარგად უნდა გავითავისოთ და მჯერა, რომ ბიჭებს ეს გააზრებული აქვთ. 2 დღე გვაქვს, რომ დავისვენოთ და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ.

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, ვულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. დღეს, ფაქტობრივად, დაშლილები ვიყავით, საერთოდ არ გვქონდა გუნდურობა, ამიტომ ყველა კომპონენტში და ყველა ასპექტში წავაგეთ. გუშინ ის შანსი გავუშვით, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. ახლა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვართ, განვიხილავთ შეცდომებს და შევეცდებით მოვემზადოთ მესამე მატჩისთვის.

ლაშა გამყრელიძე(,,დინამო’’): პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს გუნდს, კარგი თამაში გამოვიდა. ,,მგზავრები-არმია’’ ძლიერი გუნდია, ველოდებოდით, რომ პლეი ოფში რთული თამაშები გვექნებოდა. დღეს მოვახერხეთ უფრო კარგად გვეთამაშა, დაცვაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ და გავიმარჯვეთ, თუმცა არაფერი მორჩენილა. მესამე თამაშიც რთული იქნება, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით 3:0 დავამთავროთ სერია.

მერაბ ბოქოლიშვილი(,,მგზავრები-არმია’’): მივულოცავ ,,დინამოს’’ მოგებას. ჩვენ გუშინდელთან შედარებით დღეს ცუდად ვითამაშეთ. პირველ შეხვედრაში მეტოქეს ფარზე ვაჯობეთ, დღეს კი ვერც ფარზე გავუწიეთ წინააღმდეგობა, შეტევაშიც ბევრი შეცდომა დავუშვით. ასეთი თამაშით ძალიან გაგვიჭირდება. 2 დღე გვაქვს, რომ განვიხილოთ შეცდომები და შემდეგი მატჩისთვის მზად ვიყოთ.

“დინამო” – “მგზავრები-არმია” 86:70 (23:16, 26:23, 16:16, 21:15)

სერიის ანგარიში 2:0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096719