ფეხბურთი

14:57 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას აგრძელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გარიგებული მატჩების გამოსავლენად და დამნაშავეთა დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებს.

ფედერაციის მესვეურების აზრით, “ჩაწყობილი” თამაშების ორგანიზებაში ბრალდებულ არაერთი პირის დაკავების მიუხედავად, ზოგიერთმა ბოლომდე მაინც ვერ გაითავისა მსგავს ქმედებას რა შედეგი მოსდევს.

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად მხარს უჭერს და მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გარიგებული მატჩების ორგანიზატორთა და ამ პროცესში ჩართულ პირთა გამოსავლენად.

სამწუხაროდ, წარსული გამოცდილება, სახელმწიფო სტურუქტურებისა და სფფ-ის შეუვალი პოზიცია ასეთი ფაქტების მიმართ არ იქცა საგულისხმო მაგალითად ზოგიერთი ფეხბურთელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთში დაკავებული სხვა პირისათვის. მიუხედავად, ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა, დაჭერებისა თუ საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთისა, მათ მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა თუ თანამონაწილეობას მოსდევს თან.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევის გამოვლენისას ქართულ ფეხბურთს ადგება და ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვიან მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე.

მანამდე, კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ასეთ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის გამოვლენასა და კანონის შესაბამისად დასჯის ფაქტებს”- ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

0.122633