მადრიდის “მასტერზ1000”-ის მოქმედი ჩემპიონი რაფა ნადალი წლევანდელი ტურნირის სასტარტო მატჩში 25 წლის ამერიკელ სტივ ჯონსონს შეხვდება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში სადღეისოდ 54-ე საფეხურზეა. შეგახსენებთ, ნადალს ოთხჯერ მოუგია ესპანეთის დედაქალაქის საჩოგბურთო შეჯიბრება, შარშანდელი ტურნირის ფინალში კი იაპონელ კეი ნიშიკორის სძლია.
- როგორი განწყობით ხვდებით მადრიდის “მასტერზ1000”-ის მორიგ სტარტს?
- როდესაც ქულების დაცვა გიწევს, ფსიქოლოგიური ზეწოლა ძლიერდება. სამწუხაროდ, ბევრი სარეიტინგო ქულა უკვე დავკარგე. თუმცა, არ ღირს წარუმატებლობასა და ცუდ თამაშზე ჩაციკლვა. მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო, როგორ გამოასწორო მდგომარეობა. ამჟამად რთული პერიოდი მიდგას და ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მსურს, მაგრამ ინტენსიურ მუშაობას განვაგრძობ და იმედია, მდგომარეობა გამოსწორდება.
- თქვენი ვარაუდით, როდის დადგება ეს პერიოდი?
- როდესაც გამარჯვებებს დავიწყებ, დამაჯერებლობაც მომემატება. წვრთნა კვლავინდებურად სიამოვნებას მანიჭებს და კორტზე ყოველი გასვლაც მიხარია.
- მადრიდელი გულშემატკივარი განსაკუთრებით გაფასებთ და მათ სიყვარულსა და ყურადღებას ალბათ გრძნობთ...
- ცხადია, მადრიდელების მხარდაჭერას ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვხედავ და ვგრძნობ. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩამოვდივარ და ვთამაშობ მადრიდში. გითხრათ სიმართლე, ნებისმიერ ქალაქში თბილად მხვდებინ, თუმცა, მადრიდი მაინც გამორჩეულად მიყვარს.
- კვლავ ძველ ჩოგანს დაუბრუნდით...
- ახალ ჩოგანთან ბოლომდე გაშინაურება ვერ მოვასწარი, ამიტომაც ძველს დავუბრუნდი. სეზონის ბოლომდე ამ ეკიპირებით ვიასპარეზებ, შემდეგ კი დრო მექნება, ახალი ჩოგნით ვივარჯიშო და უკეთ შევეჩვიო.
- ამას წინათ მადრიდის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა სადოქტორო წოდება მოგანიჭათ...
- ეს ჩემთვის დიდი პატივია. მახარებს, საპატიო დოქტორის წოდება რომ მომანიჭეს.
- ამბობთ, რომ კიდევ კარგა ხნის განმავლობაში აპირებთ ჩოგბურთის თამაშს...
- ეს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. დიდი სურვილი მაქვს რიო დე ჟანეიროში 2016 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლის. ყველა შემთხვევაში კი საკუთარი საჩოგბურთო ბედითა და კარიერით კმაყოფილი ვარ.