სუპერლიგის პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის „რუსთავი“-„ოლიმპის“ დაპირისპირების პირველ შეხვედრას „რუსთავმა“ უმასპინძლა, სადაც ქვემოქართლელები „ოლიმპს“ დაუპირისპირდნენ. დღეს ჩატარებული სხვა მატჩების მსგავსად, აღნიშნული შეხვედრაც უაღრესად დაძაბული გამოდგა. სერიის სასტარტო მატჩი „რუსთავმა“ 3 ქულის სხვაობით 78:75 მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
კალათბურთის გულშემატკივრებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რომ რუსთავში თამაში სუპერლიგის მონაწილე ნებისმიერი გუნდისთვის რთულია, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი გულშემატკივრები თავიანთი საყვარელი გუნდის მე-6 მოთამაშის როლს ასრულებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი მეოთხედი 10 ქულის სხვაობით 23:13 მოიგეს. სტუმრები მეორე მეოთხედში გააქტიურდნენ და ანგარიშში სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს, მესამე მეოთხედი კიდევ უფრო კარგად ჩაატარეს და სამი მეოთხედის შემდეგ „ოლიმპი“ 6 ქულის სხვაობით 58:52 დაწინაურდა. რუსთაველთა ლეგიონერის უკანახაზელ ტერენს ოგლზბის კარგი თამაშის შედეგად მეოთხე დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა თამაში კვლავ თავიანთ სასარგებლოდ შემოაბრუნეს, რომლებმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 78:75 შეძლეს მეტოქის დამარცხება.
რუსთაველთა გამარჯვებაში ლომის წილი ოგლზბიმ დაიდო, რომელიც 32 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. 12 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ოგლზბის თანაგუნდელმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა აკაკი დვალიშვილმა შეასრულა. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიან ნოდარ გოგოძის ანგარიშზე 16 ქულაა.
ამ გუნდების მეორე შეხვედრას ხვალ ისევ რუსთავი უმასპინძლებს.
რუსთავი - ოლიმპი 78:75
(23:13, 17:21, 12:24, 26:17)







