ფეხბურთი

16:45 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუ: “ჩემპიონთა ლიგის საგზური გარანტირებული არ გვაქვს”

“ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტო სანტო “ეიბართან” მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯერ არ მოუპოვებია და შეგირდებს ყურადღებისკენ მოუწოდა.

“მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა. გასულ ჩემპიონატში “ბილბაო” 70 ქულით გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო ჩვენ 72 ქულა გვაქვს, მაგრამ ჯერ გარანტირებული არაფერია. დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და მეტოქეს მოახლოების საშუალება არ უნდა მივცეთ.

რაც შეეხება “ეიბართან” შეხვედრას, ვფიქრობ, რომ კარგად გავისარჯეთ. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ მეორე ტაიმით, როდესაც ძალიან მაღალ ტემპში ვითამაშეთ. სეზონის დასრულებამდე სულ ცოტაღა რჩება და დარჩენილ მატჩებში წარმატებისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ”, - განაცხადა 41 წლის მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ 35 ტურის შემდეგ “ვალენსია” 72 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. “ღამურები” მადრიდის “ატლეტიკოს” 4 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო “სევილიას” 3 ქულით უსწრებენ.

0.110634