ბლოგი

11:58 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალი მინისტრი - შიში და მოლოდინი...

საქართველოს სპორტის ახალი მინისტრი ყავს. სპორტი კი ამ ქვეყანაში ის სფეროა, რომელიც ხშირად მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის რეფორმირების დროს ახსენდებათ, სპორტის მინისტრი კი ვერ არის ისეთი გავლენიანი პერსონა, როგორც მაგალითად ბრაზილიაში, ანდა დიდ ბრიტანეთში.

ტარიელ ხეჩიკაშვილს, რა თქმა უნდა, ყველანი წარმატებულ მინისტრობას ვუსურვებთ და აქვე იმედსაც გამოვთქვათ, რომ იქნებ ამ ადამიანმა მაინც მოახერხოს ძლიერთა ამა ქვეყნისათა სპორტით ნორმალურად დაინტერესება. ამის გარეშეც სპორტის განვითარება წარმოუდგენელია.

მაგრამ, ისიც საკითხავია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში რისი გაკეთება შეუძლია სპორტის მინისტრს, რომელიც სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხებით სხვადასხვა სახეობების დასახმარებლად მხოლოდ კოსმეტიკურ ჩარევას თუ შეძლებს, ხოლო დიდ სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე (რის გარეშეც წინსვლა არსად ყოფილა) ოცნებაც კი ზედმეტია.

ახალი მინისტრი სპორტით დაინტერესებული კაცია და ბიზნესმენის წარსულიც აქვს უკან მოტოვებული. იქნებ მისმა ბიზნესმენობამ მაინც გასჭრას იმ დონეზე, რომ ბრჭყვიალა რეკლამებში ჩაძინებულ ქართველ ბიზნესმენებს სპორტისკენაც გამოახედოს, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრ ფულიან კაცს რომელიმე სპორტული კლუბის ანდა ფედერაციის დაფინანსებაზე საუბარიც კი ზარავს. მათი პოზიცია ცნობილია: წამგებიან სფეროში ფულის ჩადება არ სურთ! არადა, პირველივე წამებიდან მომგებიანი ჯანსაღი ბიზნესი არასოდეს არსებულა და არც მომავალში იარსებებს.

რაც შეეხება წინა, აწუკვე ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს. პირადად ჩემთვის და ალბათ ბევრი ჩვენი მკითხველისთვისაც გაუგებრად და ბოლომდე ბუნდოვნად დარჩა ის რეალური მიზეზები, თუ რის გამოც გადადგა თანამდებობიდან ეს კაცი. ამას დავუმატოთ მისი დამშვიდობების პრესკონფერენციაც, სადაც ყიფიანმა მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე ისეთი ემოციითა ილაპარაკა, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ასეთი განწყობის ადამიანს თავისი სურვილით არ ენდომებოდა მინისტრობიდან წასვლა. ეს ამბავი კიდევ ერთხელ ნათელყოფს ამ ქვეყანაში სპორტისადმი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სერიოზულ დამოკიდებულებას და იმას, რომ სხვადახვა პოლიტიკური თამაშებისათვის არა მხოლოდ კონკრეტული სპორტსმენებს და სპორტის სახეობებს, არამედ თავად მინისტრებსაც კი იყენებენ.

ეს ყველაფერი ჩვენი ფიქრები და ვარაუდებია, მაგრამ ყველა ვარაუდის უკან რაღაც გონივრული ეჭვები რომ არსებობს, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. ჩვენს სპორტს კი ეჭვები და კარსუკან ჩურჩულები რომ არაფერში სჭირდება, ისიც გეცოდინებათ - სკანდალებსა და კულუარულ ხლართებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ ქვეყანაში სპორტის მთელი რიგი სახეობები პრაქტიკულად ბედის ანაბარადაა მიტოვებული და ამ დროს ინტრიგებისათვის ქართული სპორტის მესვეურებს წესით ნაკლებად უნდა ეცალოთ.

დაბოლოს... სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ახალი მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი საკმაოდ უნარიანად და წარმატებულად ხელმძღვანელობდა საფეხბურთო კლუბ ”საბურთალოს“, რომლის სხადასხვა ასაკობრივმა გუნდებმა არაერთი წარმატება მოიპოვეს როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი ქვეყნის გარეთ. ამას გარდა, “საბურთალოდან” უცხოეთში წასული ნიჭიერი ახალგაზრდების ამბავიც ვიცით და ეს გვაიმედებს, რომ ახალი მინისტრი იმდენს მაინც მოახერხებს, რომ ბავშვთა სპორტს (და რა თქმა უნდა არამხოლოდ ფეხბურთს) რეალურად მიხედავს და მრავალი სხვა სპორტში მოფუსფუსე ჩინოსნისგან განსხვავებით, მხოლოდ არაფრისმომცემი სიტყვებით: ”ბავშვთა სპორტი მისახედიაო” – არ შემოიფარგლება. ბავშვთა სპორტის გარეშე მომავალია რომ არ გვექნება, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი...

0.112928