რაგბი

10:25 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ჩემპიონთა თასი ქართველმაც ასწია
“ტულონი” - ზედიზედ მესამედ

ლევან ჩილაჩავას, მამუკა გორგოძისა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” პირველი გუნდია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოიგო.

შარშან და შარშანწინ ამ გუნდმა ეს ტურნირი ჯერ კიდევ “ჰეინეკენის თასის” სახელით მოიგო, წელს კი, ჩემპიონთა თასად სახელდებული გათამაშების ფინალში დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” 24:18 დაამარცხა.

სამწუხაროდ, ბერნარდ ლაპორტმა კარგ ფორმაში შესული გორგოძე და მიქაუტაძე ნახევარფინალის მსგავსად განაცხადში არ ფინალურ მატჩში შეიყვანა, ხოლო ჩილაჩავა შეცვლაზე დასკვნითი 16 წუთი ათამაშა. კოლელიშვილი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, ხოლო ზირაქაშვილმა პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა.

ლონდონში, “თვიქნემზე” გამართულ შეხვედრას 56 662 მაყურებელი დაესწრო და მათ ორი ფრანგული გრანდის დიდი ბრძოლა იხილეს - ლამაზი ლელოებით და მოვლენების საინტერესოდ განვითარებით. პირველი ტაიმი “კლერმონის” იყო, რომელიც კამილ ლოპესის ორი ჯარიმით დაწინაურდა. ლი ჰალფპენიმ ერთი ჯარიმა მე-15 წუთზე გაქვითა, მაგრამ 25-ე წუთზე “კლერმონმა” ფოფანას ლელოთი უპირატესობა გაიმყარა - 11:3, გარდასახვა არაზუსტი იყო.

“ტულონმა” შეძლო თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა და ჰალფპენიმ 29-ე და 33-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. მას საკუთარი გუნდის დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ შემდეგ ჯერზე მას მიზანმა უმტყუნა და თითქოს “კლერმონს” ტაიმი 11:9 უნდა მოეგო, მაგრამ როდესაც დრო უკვე ამოწურული იყო, ნიკ აბენდანონი შეცდა, ფეხით მოედანში დაარტყა და სწრაფი შეტევა ბასტაროს ლელოთი დასრულდა, რომელსაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.

“ტულონმა” მოულოდნელი ლიდერობა 51-ე წუთზე ჰალფპენის მორიგი ჯარიმით გაიმყარა და “კლერმონი” რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა - 19:11. ფინალისთვის 8-ქულიანი უპირატესობა ბევრია, მაგრამ “კლერმონი” დანებებას არ აპირებდა. აბენდანონსაც შეცდომის გამოსწორება სურდა და მისი თავგამოდება ლელოთი დასრულდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. ალი უილიამსს უკანასკნელ წამს ბურთი ხელიდან გაუსხლტა და “ტულონმა” ერთქულიანი უპირატესობის გაზრდის შანსი ხელიდან გაუშვა, მაგრამ ის უკვე ფლობდა უპირატესობას, დრიუ მიჩელმა საოცარი სოლო გარღვევა, რომლის დროსაც ექვს მბოჭავს დაუსხლტა, ლელოთი დაასრულა და თანაგუნდელებს რწმენა დაუბრუნა. ჰალფპენის აცილებული გარდასახვის შემდეგ, “კლერმონს” 10 წუთი რჩებოდა გადამწყვეტი ლელო-გარდასახვის გასატანად, მაგრამ “ტულონმა” თავისი ჩათვლის მოედანი დაიცვა და ევროპის საუკეთესო კლუბის სტატუსი მინიმუმ ერთი წლოთ შეინარჩუნა.

1.029909