ფეხბურთი

21:08 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კლასიკო” “დინამოს” სასარგებლოდ (+VIDEO)

უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა პრინციპული შეხვედრა რთულ ბრძოლაში მოიგო, გადამწყვეტი გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, მთავარი გოლი ცვლილებაზე გამოსულმა ჯიღაურმა გაიტანა.

მატჩი სტუმართა აქტიურობით დაიწყო. “დინამო” ვერ ახერხებდა ბურთის “დაჭერას,” რასაც მე-10 წუთზე გურამ ადამაძის გოლი მოჰყვა. ქუთაისელთა სასარგებლოდ კუთხური დაინიშნა, კლიმიაშვილმა კარგად ჩააწოდა, ადამაძე მაღლა ახტა, ყველას დაასწრო და თავით გაიტანა. “ტორპედოს” კაპიტანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფიზიკური შესაძლებლობები, რაც ცენტრალურ მცველს უნდა ახასიათებდეს.

გაშვებული გოლის შემდეგ “დინამო” გააქტიურდა. ბურთს უმეტესად თბილისელი მოთამაშეები ეხებოდნენ, თუმცა მათ თამაშში კვლავ არ ჩანდა კომბინაციური ფეხბურთის ელემენტები. ცალკეულად “დინამოს” ახალგაზრდა მოთამაშეებს სწრაფად და ტექნიკურად თამაში შეუძლიათ, თუმცა გუნდური ფეხბურთის პრინციპებს სათანადო ალღოს ვერ უღებენ, რაც მწვრთნელის მინუსზე მიუთითებს.

მოპოვებულ ინიციატივას ლოგიკური გოლი მოჰყვა. ლაშა თოთაძემ შორეული საჯარიმო დარტყმა ზუსტად და ძლიერად შეასრულა, შეყრილაძეს რეაგირება დაუგვიანდა, ანგარიში გათანაბრდა, კაპიტანი კი სიხარულით “დინამოს” ფან-კლუბის ტრიბუნისკენ გაიქცა. გოლის შემდეგ “დინამომ” ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მოკლედ პირველ ტაიმში მხოლოდ კაპიტნებმა გაიტანეს, მათ სტანდარტული მდგომარეობა კარგად გამოიყენეს.

თბილისელებს ხასიათი მეორე ტაიმშიც გადაჰყვათ. მატჩი მათი აქტიურობით განახლდა, 51-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა ინდივიდუალური შესაძლებლობების ხარჯზე ქუთაისელთა დაცვასა და მეკარეს აჯობა და “დინამო” დააწინაურა.

ქუთაისური გუნდიდან გამოსარჩევია დავით კირკიტაძე, მან მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. ფიზიკურად და ტექნიკურად კარგად არის მომზადებული.

76-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა ვახტანგ კვარაცხელიამ ანგარიში გაათანაბრა. თამაშის სურათიდან გამომდინარე “ტორპედოს” გოლი არ იყო მოსალოდნელი, ბურთს კვლავ “დინამო” აკონტროლებდა, თუმცა კონტრშეტევისას 27 წლის ფორვარდმა შანსი მიიღო და გამოიყენა. მან “დინამოს” საჯარიმოში ზუსტად იმოქმედა, თბილისელები კი აანერვიულა. დარასელიამ ცვლილება გამოიცნო.

ცვლილება გოგიჩაიშვილმაც გამოიცნო. უფანტაზიო და დაბალი კლასის მატჩი ჯიღაურის გოლით დასრულდა. “დინამოს” ერთ-ერთი შეტევის შემდეგ ქუთაისელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ჯიღაურმა დაუხვედრა ფეხი და შეყრილაძის კარში მესამე გოლი გავიდა. ამ შემთხვევაში აშკარად შეცდა “ტორპედოს” დაცვითი ხაზი.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეექმნა შანსი, თუმცა ვერ გამოიყენეს. ე.წ. “ქართულ კლასიკოში” “დინამომ” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, მატჩის შემდეგ გოგიჩაიშვილმაც ეს თქვა, რომ მასპინძლებმა სტუმრებს აჯობეს. დღეს ესეთი რეალობა იყო.

“ვფიქრობ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. “დინამო” ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს, დღევანდელი მატჩი ამ მიზნისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია” – აღნიშნა “დინამოს” მწვრთნელმა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას გიორგი დარასელია არ დასწრებია, რადგან "ტორპედოს" წარმომადგენლეთა განმარტებით, ის არავის მიუწვევია.

დინამო – ტორპედო 3:2 (1:1)

2 მაისი, თბილისი, პორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა,” 3000 მაყურებელი

დინამო: დაუშვილი, თოთაძე, რენე, ტაბატაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე (ჯიღაური 68), კიტეიშვილი (ჩირგაძე 80), ჭანტურიშვილი, მანუელი (ბუკორაცი 75)

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

ტორპედო: შეყრილაძე, ადამაძე, ჭელიძე, მირცხულავა (მირცხულავა 56), ქიმაძე, მამასახლისი, კლიმიაშვილი (კვარაცხელია 61), კირკიტაძე, იოსელიანი, ტუღუში (ბაბუნაშვილი 73), ზივზივაძე,

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 0:1 ადამაძე (10), 1:1 თოთაძე (40), 2:1 პაპუნაშვილი (51), 2:2 კვარაცხელია (76), 3:2 ჯიღაური (86)

მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია

გაფრთხილება: ტუღუში (13), მანუელი (29), კლიმიაშვილი (56)

0.407105