ფეხბურთი

13:00 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სანჩეს პისხუანზე” ერთი ოცნება დაიმსხვრევა

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურაღაა დარჩენილი და ჯერ კიდევ უამრავი რამაა გასარკვევი. დაძაბული ბრძოლა მიდის ჩემპიონობისთვის, რისთვისაც ერთმანეთს “ბარსელონა” და “რეალი” ეცილებიან. მე-4 ადგილისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკიდებიან “ვალენსია” და “სევილია”, რომლებსაც თანაბარი ქულები აქვთ. ასევე, გასარკვევია სეგუნდაში გადასაბარგებელი ერთი კლუბის ვინაობა. მე-18 ადგილოსანი ალბათ ბოლო ტურამდე არ გახდება ცნობილი.

35-ე ტურმა სტარტი “ანოეტანზე” გამართული შეხვედრით აიღო, სადაც ადგილობრივმა “სოსიედადმა” მარტივად სძლია “ლევანტეს”. დღეს ტურის 4 შეხვედრა შედგება, რომელთაგან გამორჩეული “სანჩეს პისხუანზე” გასამართი დაპირისპირდებაა, სადაც “სევილია” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. ორივე კლუბისთვის სასწორზე მათი მთავარი მიზანი დევს. ფაქტია, რომ დღეს სევილიაში ერთი ოცნება დაისხვრევა...

22:00 სევილია – რეალი

ერთს ჩემპიონობა სურს, მეორე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ლამობს. თუმცა, 90 წუთის შემდეგ მხოლოდ ერთი კლუბი დარჩება ბედნიერი. უნდა ითქვას, რომ “სევილიას” აქტივში ქულაც ჩაეწერება, რადგანაც მათი კონკურენტი “ვალენსია” 36-ე ტურში სწორედ “რეალს” ეთამაშება “სანტიაგო ბერნაბეუზე” და იქ თამაში როგორი რთულია, ყველას კარგად მოეხსენება. მადრიდელებს მხოლოდ მოგება აძლევთ ხელს, სხვა ყველა შედეგი “ბლანკოსს” ჩემპიონობის შანსს დაუკარგავს.

“სანჩეს პისხუანზე” გამარჯვება კი ურთულესია. “სევილია” ერთადერთი კლუბია წლევანდელ ლა ლიგაში, რომელსაც შინ წაგება არ აქვს. “დალაქებმა” ბოლოს 2014 წლის თებერვალში წააგეს “ბარსელონასთან” (1:4). მიმდინარე სეზონში ჩატარებული 17 საშინაო შეხვედრიდან “დალაქებმა” 12 მოიგეს და 5 ფრედ ითამაშეს. უნაი ემერი ტრავმების გამო ბარბოსას, პარეხასა და კრისტოფოროს მოსაკლისებს, ხოლო ვიტოლოსა და ბეტოს თამაში საეჭვოა.

მიმდინარე ლა ლიგაში “რეალმა” გასვლაზე 17 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 12 მოიგო და 5 მარცხი განიცადა. დღევანდელი მატჩისთვის “ბლანკოსი” განსაკუთრებულად ემზადება და კარგად იციან, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ჩემპიონობაზე ფიქრი უტოპი იქნება. მადრიდელებს მოდრიჩი და ბენზემა ჰყავთ ტრავმირებული, ხოლო გარეტ ბეილმა ვარჯიში განაახლა და მისი საკითხი თამაშამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ შუა კვირას ორივეს ურთულესი მატჩი ელის ევროტურნირებზე. “სევილია” ევროპა ლიგაზე “ფიორენტინას” დაუპირისპირდება, ხოლო “რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსს”.

პირველი წრის შეხვედრა “რეალის” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კარისო, კოლოძიეჩაკი, კოკე, ტრემულინასი, ბანეგა, კრიშოვიაკი, იბორა, რეიესი, ვიდალი, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი

რეალი (4-4-2): კასილასი, ვარანე, პეპე, რამოსი, კარვახალი, რამოსი, კროოსი, ხამესი, ისკო, რონალდუ, ხ.ერნანდესი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

20:00 ატლეტიკო – ბილბაო

საინტერესო შეხვედრა შედგება “ვისენტე კალდერონზეც”, სადაც მადრიდის “ატლეტიკო” ბასკურ “ბილბაოს” უმასპინძლებს და მე-3 ადგილის კიდევ უფრო გამყარებას ეცდება. “როხინბლანკო” არავის მოისაკლისებს, ხოლო სტუმრებს იბაი, ადურისი, მუნიანი და ბალენსიაგა ჰყავთ დაშავებული.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხ.ხიმენესი, გოდინი, გამესი, ხუანფრანი, გაბი, ტიაგო, კოკე, თურანი, გრიზმანი, მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, აუტენეჩე, დე მარკოსი, სან ხოსე, მ.რიკო, უ.ლოპესი, ვიგუერა, უილიამსი, გ.ფერნანდესი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ხაიმე ლატრე

18:00 კორდობა – ბარსელონა

“ბარსელონას” იოლი გასეირნება ელოდება. მათი მეტოქე უსუსტესი “კორდობა” იქნება, რომელსაც მეორე წრეში სულ ორი ქულა აქვს აღებული და თუ სასწაული არ მოხდა, დღეს ოფიციალურად გაიფორმებენ ლიგა ადელანტეს საგზურს. კატალონიელებს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ, ხოლო მასპინძლებს ბუზონი არ ეყოლებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

კორდობა (4-1-4-1): ხ.კარლოსი, ი.ლოპესი, დეივიდი, კრესპო, ედიმარი, კრინი, ბორხა, ფიდელი, კარტაბია, ბებე, ანდონე.
მწვრთნელი: ხოსე ანტონიო რომერო

ბარსელონა (4-3-3):
ბრავო, მასკერანო, პიკე, ალვეში, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ლა ლიგის ტურის ანონსი იხილეთ ამ ბმულზე

თეგებილა ლიგა
0.12096