ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში მე-3 მატჩი ჩაატარა და ფავორიტად მიჩნეულ “ალ რიადისთან” სტუმრად 69:78 დამარცხდა. შედეგად, ქართველი კალათბურთელის კლუბი მეტოქეს 1:2 ჩამორჩა.
ცქიტიშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 34 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ნიკოლოზმა 8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია, რითაც იგი ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ მასპინძელ აჰმად ისმაილს ჩამორჩა. ამ უკანასკნელის მონაგარი 16 ქულა, 18 მოხსნა და 7 პასი იყო.
ნახევარფინალის მე-4 მატჩს, 6 მაისს, “ჩემპვილი” მიიღებს და წონასწორობის აღდგენას ეცდება.