თბილისის კინოს სახლში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაღებული ფილმისა და გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ფილმის რეჟიროსი გოგი თორაძე გახლავთ, ხოლო წიგნის ავტორი - დემიკო ლოლაძე.
კინოს სახლში უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. გარდა ვეტერანი ფეხბურთელებისა, იქ იმყოფებოდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები. დარბაზს სტუმრები არც უცხოეთიდან - რუსეთიდან, ისრაელიდან და სომხეთიდანაც აკლდნენ.
ფილმის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან კომენტარი თავად ჩივაძემაც გააკეთა:
ალექსანდრე ჩივაძე: “უზომოდ მოხარული ვარ. ამ ყველაფერს პირობითად ჰქვია ჩემი სახელი. ეს ფილმი მარტო მე კი არა, მთლიანად ყველას, ბიჭებსაც ეკუთვნის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფილმის გადამღებ ჯგუფს და იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი სიხარული, რაც დღეს იყო, კიდევ ყოფილიყოს და ისევ გაგვეხარებინოს ქართველი გულშემატკივარი. დიდი მადლობა ყველას”.
გარდა ალექსანდრე ჩივაძისა, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი ვეტერანებმა, ცნობილმა ადამიანებმაც გააკეთეს.
ვალერი გაზაევი (ვეტერანი ფეხბურთელი): “ასეთი შეხვედრები რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ალექსანდრე არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. მისი თამაშის სტილი დღევანდელი ცენტრალური მცველებისთვისაც სამაგილითო და მისაბაძია. ფაქტობრივად, 30 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩივაძის თამაშის მანერა ევროპის საუკეთესო კლუბებში ისევ მოთხოვნადია. იგი დიდებული მოთამაშეა და ვამაყობ, რომ მისი მეგობარი ვარ. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რომ მის მაგალითზე აღზრდილიყვნენ ნიჭიერი, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები”.
ოთარ გაბელია (ვეტერანი ფეხბურთელი): “უდიდესი დღეა ჩვენთვის - ჩვენს მეგობარს, მსოფლიო დონის ფეხბურთელს 60 წელი შეუსრულდა. მის გარშემო ახლა ფეხბურთზე ლაპარაკი ზედმეტია, ყველამ, მთელმა მსოფლიომ იცის, რა დონის ფეხბურთელი იყო. ვულოცავ მას ამ შესანიშნავ დღეს. თბილისის “დინამოში” მოსვლის დღიდან დღემდე ერთად ვართ, ახლაც ერთად ვმუშაობთ ახალგაზრდულ ნაკრებში და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ”.
ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი): “პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის, ქართული სპორტისთვის, იმიტომ რომ განსაკუთრებული ადამიანის იუბილეა. 60 წლის გახდა ალექსანდრე ჩივაძე და მინდა მას პირველ რიგში ჯანმრთელობა, ბედნიერება ვუსურვო თავის ოჯახთან ერთად. ის, რომ საქართველოს სამსახურში იდგეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გულითადად ვულოცავ დღევანდელ დღეს”.
მერაბ ჟორდანია (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი): “როცა უყურებ და იხსენებ ძველ დროს, ალექსანდრე ჩივაძეს, რწმუნდები, რომ საქართველოში ფეხბურთს სიკვდილი არ უწერია. შეუძლებელია ქვეყანას, რომელსაც ასეთი დონის ფეხბურთელი ჰყავდეს არ დაუბრუნდეს ის დიდება, რომელიც მას ალექსანდრე ჩივაძის დროს ჰქონდა”.
დავით ნარმანია (თბილისის მერი): “რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. მოვედი იმისათვის, რომ მივულოცო ბატონ ალექსანდრეს დღევანდელი იუბილე. რაც მან დაგვიტოვა მართლა დასაფასებელია, მისი გამოცდილება, მისი თითოეული თამაში მომავალი ფეხბურთელებისთვის უნდა იყოს და უნდა გახდეს სამაგალითო, რათა ისწავლონ რა გააკეთონ და როგორ გააკეთონ. რასაკვირველია, აქ იყო საზოგადოება, რომელთან ერთადაც მან წლები გაატარა, ეს იყო დრო, როცა ფეხბურთი ზეიმი იყო, ზეიმი გახლდათ ის გამარჯვევები, რომლებიც მისი შემადგენლობით ჩვენს ქვეყანას მოუტანა ფეხბურთმა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ისტორია არ იქნება და მას ექნება ისეთივე გაგრძელება რისი ღირსეული საფუძველი ალექსანდრე ჩივაძემ და მისმა და წინა თაობებმა ჩაუყარეს ქართულ ფეხბურთს”.