სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა “მსოფლიო სპორტთან” განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მთავრობაში ისეთი კანონის ინიცირეება, რომელიც ბიზნესმენების ქართული სპორტით დაინტერესებას გამოიწვევს.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: “მადლობა პრემიერმინისტრსა და მთელ სპორტულ სამყაროს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი შრომა, რაც თუნდაც საფეხბურთო სკოლა “საბურთალოში” გვაქვს გაწეული, დადებითად შეფასდა. სპორტი ჩემთვის ყოველთვის ახლობელი იყო და იქ არსებული პრობლემები მტკიოდა. ზოგიერთი ჩემი ბიზნესპარტნიორი ახლაც გაოცებულია იმ ნაბიჯით, რაც გადავდგი. თუმცა, ეს სამშობლოსა და სპორტის სიყვარულით გავაკეთე.
- პირველყოვლისა რა გეგმა გაქვთ?
- ამაზე სჯობს ერთი კვირის თავზე ვილაპარაკოთ. აუცილებელია, რომ ქართულ სპორტულ სამყაროში ერთიანობა შევინარჩუნოთ. სამომავლო გეგმა უნდა ჩამოვაყალიბოთ და ყველაფერი გავაკეთოთ რათა საქმე წინ წავიდეს.
- თქვენ ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ოპონენტი იყავით, ოპონირებას თუ გააგრძელებთ?
- მე ჯანსაღი ოპონირების მომხრე ვარ. ზოგადად ეს ფორმატი უნდა შენარჩუნდეს. სპორტში სასიკეთო ძვრები მხოლოდ სწორი ურთიერთობის შედეგად მოხდება.
- დიდი ხანია ფეხბურთში მოღვაწეობთ და სპორტის ამ სახეობაში კარგად გათვითცნობიერებული ხართ. სპორტის სხვა სახეობებში რამდენად კარგად ერკვევით?
- სპორტის ყველა წარმატებული ფედერაციის ხელმძღვანელი ჩემი მეგობარია. მათ ჩემი ნაბიჯი პოზიტიურად შეაფასეს და მომილოცეს. ამ თანამშრომლობის იმედი რომ არ მქონდეს ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი.
- თუ მოახერხებთ მთავრობისთვის ისეთი კანონის შეთავაზებას, ბიზნესი ქართული სპორტით რომ დააინტერესოთ?
- ეს ჩემი მთავარი მიზანია და მის განსახორციელებლად ძალისხმევას არ დავიშურებ.
- წლების განმავლობაში ბიზნესში ხართ და ქართული სპორტისთვის პირად ურთიერთობებს თუ გამოიყენებთ?
- რა თქმა უნდა პირად ურთიერთობებს გამოვიყენებ, რომ ქართული სპორტით რაც შეიძლება მეტი ბიზნესმენი დავაინტერესო.
- პრიორიტეტი სპორტის რომელი სახეობები იქნება?
- აბსოლუტურად ყველა სახეობა პრიორიტეტულია. თუმცა ზოგან ისეთი მდგომარეობაა, რომ ოპერატიულად ჩარევა აუცილებელია.
- ამ გადმოსახედიდან პირველყოვლისა ქართულ სპორტში რა უნდა გაკეთდეს?
- ძალიან ბევრია გაკეთებული ჩვენი წინამორბედების მიერ, რისთვისაც მათ მადლობა უნდა გადავუხადო. მე ყოველთვის ხვალინდელ დღეზე ვარ ორიენტირებული და შევეცდები არსებული კიდევ უფრო გავაუმჯობესო.