სხვა

15:27 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჭუმბურიძე: “პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება იდეალურია”

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ის მინისტრი იქნება, რომელიც ქართულ სპორტში არსებულ პრობლემებს მთავრობამდე მიიტანს.

- პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენად სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის კანდიდატად საფეხბურთო კლუბს “საბურთალოს” და “იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა?

- რა თქმა უნდა, ტარიელ ხეჩიკაშვილის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დანიშვნას მივესალმები. ეს ადამიანი ძალიან მიზანდასახულია. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ობლობაში გაიზარდა თავის ტყუპისცალ ძმასთან ერთად და ყველაფერს თავისი შრომითა და პატიოსნებით მიაღწია – “იბერია ბიზნეს ჯგუფი” იქნება თუ საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”.

მისი გამოცდილბა ბიზნესს და ადამიანებთან ურთიერთობაში ქართულ სპორტს ნამდვილად გამოადგება. ჩემი აზრით, ის შეძლებს დაქსაქსული ქართული სპორტის სამყარო გაამთლიანოს. რაც მთავარი და აუცილებელია, უნდა მოახერხოს სპორტის შესახებ კანონის მიღება. ამ შემთხვევაში უშუალოდ ფეხბურთზე ვიტყვი, რომ ეს კანონი სპორტის ამ სახეობის გადასარჩენად აუცილებელია.

ვფიქრობ, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება იდეალურია, არა ჩემი და ტარიელის ურთიერთობიდან, არამედ, საქმიდან გამომდინარე.

- თქვენი აზრით, მომავალი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი საქართველოს მთავრობამდე ყველა იმ პრობლემას მიიტანს, რომელიც ქართულ სპორტშია დაგროვილი?

- პირადად ამაში ეჭვი არ მეპარება, ხოლო საზოგადოებას ყოველივეს დრო აჩვენებს. ეს პიროვნება ქვეყანას და სპორტს ნამდვილად გამოადგება. მან გადადგა ასეთი ნაბიჯი, რადგან ჩათვალა, რომ საქმის მკეთებელმა ხალხმა ქვეყნის სასიკეთოდ საქმის გაკეთება არ უნდა იუარონ. ძალიან შრომისმოყვარეა და შეუძლია დაარწმუნოს მთავრობა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები საჭიროა, რათა ბიზნესი სპორტით დაინტერესდეს. იმ ხალხმა კი, ვინც სპორტში ვსაქმიანობთ, მას ხელი უნდა შევუწყოთ.

- ხეჩიკაშვილის წასვლა “საბურთალოსთვის” მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება?

- ტარიელი სიმბოლური პრეზიდენტი არ იყო. ის მოქმედი პრეზიდენტი იყო, რომელიც კლუბის საქმიანობაში ყოველდღიურადაა ჩართული და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებდით. “საბურთალოს” მისი ხელი დააკლდება. თუმცა, ტარიელი არაა ადამიანი, რომელიც ერთ კლუბს გამოარჩევს. ქვეყანას როგორც სჭირდება ისე იმოქმედებს. მისი მხრიდან “საბურთალოს” დახმარება ზოგადად სპორტში და ჩვენ შემთხვევაში ფეხბურთში სიტუაციის გამოსწორება იქნება.

0.116309