საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, მსოფლიო თასის “ალაფაზე” გამგზავრების წინ ბოლო საკონტროლო თამაში გამართა და “არმაზთან” 26:29 დამარცხდა.
ნაკრებმა პირველ ტაიმში სამი ლელო გაიტანა, თავად ერთი გაუშვა და 19:5 დაწინაურდა. მეორე ნახევარი 20-წლამდელების ლელოთი გაიხსნა, მაგრამ მერე “არმაზმა” იმძლავრა, ლელოებით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს ჯარიმით 3 ქულა აიღო და გამარჯვება მოიპოვა. ამ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია იმ 6 მორაგბეს, რომელთა “ალაფაზე” გამგზავრების საკითხიც გადაწყვეტილი იყო.
ილია მაისურაძე (საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “არმაზს”, რომელმაც დაახლოებით ორი კვირა იმისთვის ივარჯიშა, რომ ჩვენთვის ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია. ამ ბიჭებმა დახარჯეს დრო, ენერგია, ენთუზიაზმით მოეკიდნენ საქმეს და მადლობა ყველას, ვინც მზადებაში მხარში გვიდგას. დღეს ჩვენ დავინახეთ პრობლემები, რომლოს დანახვაც ასეთი თამაშის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომელი 26 მორაგბე უნდა წავიყვანოთ პორტუგალიაში.
- უფრო კონკრეტულად რა განახათ ამ თამაშმა?
- ვიდეო ანალიზს გავივლით და ინდივიდუალურად, ყველა ნახავს თავის შეცდომას. “კლერმონთან” მატჩის შემდეგ, უკმაყოფილო ვიყავით რაქებში თამაშით და დავინახეთ, რომ ამაზე სამუშაო კიდევ გვაქვს. ჩვენ შეცდომებზე ყველას მივუთითებთ და დანარჩენი მოედანზე მოთამაშეებმა უნდა შეასრულონ.
- თითქოს, გუნდმა “კლერმონთან” უკეთ ითამაშა, ვიდრე დღეს “არმაზთან”.
- ამ ჯერზე ვათამაშეთ ის ბიჭები, რომელთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები გვქონდა. გუნდი თავიდანვე ვერ დაეწყო და ვერც შეცვლებმა გამოასწორა სიტუაცია. რაქში თამაშის პრობლემა პრობლემად დარჩა და მთლიანობაში, ამ შეხვედრამ ბევრი რამ დაგვანახა.
- გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ მერე მოგებული შეხვედრა წააგეთ.
- ეს ჩვენი ბოლო შეკრებაა და მობილიზების მხრივ პრობლემა იყო. მსგავსი რამ პორტუგალიაში არ უნდა განმეორდეს.
- რა იქნება ჩვენი პლუსი პორტუგალიაში?
- დაცვამ უნდა შეძლოს თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა და მერე იქ მოლით და რაქით უნდა ვიმუშაოთ.
- მეტოქეებზე ახალი რა ისმის?
- ურუგვაის მებრძოლი ბიჭები ჰყავს და რაქშიც კარგად თამაშობს, ფიჯი ღია თამაშში ფაქტობრივად შუჩერებელია, პორტუგალია მასპინძელია. აქედან გამომდინარე, მთავარია ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად მზად და შედეგიც აუცილებლად იქნება.
ვასილ ლობჟანიძე (20-წლამდელთა მორაგბე): “დღევანდელ თამაშში რამდენიმე მორაგბეს მონაწილეობა არ მიგვიღია. პორტუგალიაში რთულ მეტოქეებთან გვიწევს თამაში და იმედია, წარმატებას მივაღწევთ. ოთხი შეკრება გავიარეთ და ეს ფუჭად არ ჩაივლის”.