ფეხბურთი

19:14 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური პრესა: “რეალსა” და “ატლეტიკოს” ფეხბურთელების დამატება აეკრძალებათ

მადრიდულ გუნდებს, “რეალსა” და “ატლეტიკოს”, მომდევნო 2 სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, ფეხბურთელების დამატება აეკრძალებათ. ამ ინფორმაციას, Cadena Ser-სა და Cadena COPE-ზე დაყრდნობით, ყველა ესპანური სპორტული გამოცემა ავრცელებს.

გასული წლის აპრილში, არასრულწლოვან ფეხბურთელთა დამატების წესების დარღვევის გამო, FIFA-მ “ბარსელონას” ფეხბურთელების დამატება 2 სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აუკრძალა. მოგვიანებით, კატალონიელებს სასჯელი გადაუვადეს და “ბარსას” ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება 2016 წლის პირველ იანვრამდე არ შეუძლია.

“ბარსელონას” დასჯისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ FIFA “რეალისა” და “ატლეტიკოს” საქმეებსაც სწავლობს. ბოლო ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და მადრიდულ გუნდებს “ბარსელონას” მსგავსი სასჯელი ელით. ბრალდება ამ შემთხვევაშიც იგივეა – არასრულწლოვან ფეხბურთელთა ტრანსფერების წესების დარღვევა.

“რეალისა” და “ატლეტიკოს” წარმომადგენლები ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მათ წესები არ დაურღვევიათ. მადრიდული გუნდების დასჯის შესახებ ინფორმაციას არც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ფლობენ.

0.118219