სხვა

15:10 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი: “სპორტში ვარ და სპორტში დავრჩები”

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის დაპირისპირება ამ უკანასკნელის გადადგომით დასრულა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ლევან ყიფიანმა დღეს სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ყიფიანის თქმით, მას არ სურს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა და მისი გადაწყვეტილება ამით არის განპირობებული.

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არ მინდა შევიდე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წევრებთან. ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს. ამიტომ ვმოქმედებ სახელმწიფოებრივად და ვტოვებ თანამდებობას, სპორტის კომიტეტის წევრებსაც იგივეს მოვუწოდებ. სუფთა ხელები მაქვს. სპორტში ვარ და სპორტში ვრჩები. იმედია ახალი მინისტრი შეინარჩუნებს არსებულ კურსს და უკან არ დაგვაბრუნებს. აქვე მინდა გარკვეულ სპეკულაციებზეც ვისაუბრო, არც ყოფილ პრემიერმინისტრს, არც მოქმედ პრემიერს და არც არავის არ მიუღია მონაწილეობა ჩემს გადაწყვეტილებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ დაიძაბოს და პირიქით განიმუხტოს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს, კაბინეტის წევრებს და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს.”- განაცხადა ყიფიანმა.

ლევან ყიფიანსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტის დეპუტატებს შორის სიტუაცია ერთი თვის წინ დაიძაბა, როცა პარლამენტარებმა დახურულ სხდომაზე ლევან ყოფიანის 2014 წლის ანგარიში მოისმინეს. სპორტის კომიტეტის წევრებმა ყიფიანი გააფრთხილეს და შენიშვნების გათვალისწინება მოსთხოვეს. თავის მხრივ მინისტრმა შენიშვნები არ მიიღო და პარლამენტარებს სპორტის პოლიტიზირებაში დასდო ბრალი. ამის შემდგომ იყო უამრავი ურთიერთბრალდება. საბოლოოდ ყველაფერი ლევან ყიფიანის გადადგომით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩაიბარა. იქამდე კი აღნიშნულ თანამდებობას ლადო ვარძელაშვილი იკავებდა.

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობიდან ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, ვინც თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.

პრესკონფერენციაზე სანამ ყიფიანი გადადგომის შესახებ განაცხადებდა, სამინისტროში მის მიერ გაწეული სამუშაოებზე ისაუბრა.

ყიფიანის განცხადებით, 2013-2014 წლებში სპორტის მხარდაჭერისთვის სახელმწიფომ სამინისტროს ჯამში 96,6 მილიონი ლარი გამოუყო. გაიზარდა სპორტსმენების პრემიების და სტიპენდიების პროგრამები. ჩამოყალიბდა სპორტის სახელმწიფო მართვის ახალი სისტემა, რომლის ფარგლებშიც გაიზარდა სპორტული ფედერაციების დაფინანსება და განხორციელდა მასობრივი სპორტის განვითარების მრავალი პროექტი. ამ ორი წლის განმავლობაში საქართველომ უამრავ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.239891