ფეხბურთი

12:06 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” გერმანიის თასის ფინალშია (+VIDEO)

გერმანიის 2014/15 წლების სეზონის თასის გათამაშების ნახევარფინალში “ალიანს არენაზე” ერთმანეთს მიუნხენის “ბაიერნი” და დორტმუნდის “ბორუსია” დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. 30-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ყოფილ გუნდს გაუტანა. 75-ზე კი აუბამეიანგმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

შეხვედრა თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, რომელშიც იღბალი იურგენ კლოპის შეგირდებს უფრო აღმოაჩნდათ. “ბაიერნმა” ვერცერთი პენალტი გამოიყენა. ფილიპ ლამმა, ჩაბი ალონსომ, მარიო გიოტცემ და მანუელ ნოიერმა მიზანს ვერ მიაღწიეს. “დორტმუნდიდან” პენალტი მატს ჰუმელსმა ვერ გამოიყენა, ილქაი გიუნდოგანმა და სებასტიან კელმა კი დარტყმები ზუსტად შეასრულეს და “ბორუსია” ფინალში გაიყვანეს.

დორტმუნდელები თასის გათამაშების ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ. გასული სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში კლოპის გუნდმა “ბაიერნთან” ძირითადი დრო ფრედ 0:0 დაასრულა, დამატებით დროში კი მიუნხენელები არიენ რობენის და თომას მიულერის გოლების წყალობით თასს დაეუფლნენ.

თასის მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი “ვოლფსბურგი” გერმანიის რანგით მესამე ლიგის წარმომადგენელ “არმინიას” დაუპირისპირდება. ბილეფილდელებმა ნახევარფინალამდე ბუნდესლიგის სამი მონაწილე “ჰერტა”, “ვერდერი” და “მიუხენგლადბახი” ჩამოიცილეს და მორიგი სენსაციის მოლოდინში არიან. აღნიშნული შეხვედრა დღეს, 29 აპრილს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130519