სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:43 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” თასის ფინალშია

დღეს სამტრედიაში ე. მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე დ. ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური (განმეორებითი) მატჩი გაიმართა. მართალია პირველ მატჩში “სამტრედიამ” სტუმრად თევზაძის გოლით გაიმარჯვა, მაგრამ “ჩიხურას” საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სათასო დაპირისპირებაში და დღევანდელ შეხვედრაში ინტრიგა ზოგადად შენარჩუნებული იყო.

სამტრედიელი გულშემატკივარი სტადიონზე ტრადიციულად დიდი რაოდენობით მოვიდა და საკუთარ გუნდს მხურვალედ უჭერდა მხარს მთელი მატჩის განმავლობაში. ამინდიც ჩინებული გამოვიდა, მზიანი და ფეხბურთელებს ისღა დარჩენოდათ, ლაღი, სანახაობრივი თამაში შეეთავაზებინათ გულშემატკივრებისთვის.

საწყისი წუთები უფრო დაზვერვითი ხასიათის აღმოჩნდა და ორივე გუნდი ფრთხილობდა, თუმცა მასპინძლებმა მალევე ხელთ იგდეს უპირატესობა და საბოლოოდ ეს ანგარიშზეც აისახა. დღევანდელ შეხვედრაში გამორჩეული იყო უბერებელი ალექსანდრე იაშვილი, იაშკამ გარდა იმისა, რომ ანგარიში გახსნა, რამდენიმე ლამაზ კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა და ზუსტი პასებით ამარაგებდა თანაგუნდელებს. ზოგადად მთელმა გუნდმა ითამაშა კარგი და რაც მთავარია შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი.

პირველი შეტევა “სამტრედიელებმა” განახორციელეს “ჩიხურას” კართან, იაშვილის მიერ წამოწყებული კომბინაციის შემდეგ გორგიაშვილმა გაიყვანა კარგ პოზიციაზე გრიგოლ დოლიძე, რომელმაც კარგად კი მიიღო ბურთი, მაგრამ საბოლოო დარტყმა არ გამოუვიდა. მომდევნო ეპიზოდში ილია კერძევაძეს არ გაატანინა ზარქუამ, საჩხერელთა კიპერმა მუშტებით შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება. “სამტრედია” რაც დრო გადიოდა, მით უფრო ამწვავებდა სიტუაციას “ჩიხურას” კართან “ და გოლიც მომწიფებული იყო, გოლი კი კუთხურს მოჰყვა. დოლიძის მიერ მოწოდებული კუთხურის დროს, ბურთი პირდაპირ კარისკენ წავიდა, ზარქუამ ბურთის დაჭერა სცადა, მაგრამ ხელიდან გაუვარდა, იქვე მყოფმა იაშვილმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ახლო მანძილიდან ბურთი კარში და ადგილობრივი გულშემატკივარი გაახარა.

პირველი ტაიმის მიწურულს მატჩის მთავარმა არბიტრმა ჯენერ ხორავამ საჩხერელი გულშემატკივრების რისხვა დაიმსახურა და ქომაგების პროტესტი საფუძველს მოკლებული არ ყოფილა, მართალია მატჩის მთავარ მსაჯს პირველი ტაიმის ძირითად დროზე არაფერი დაუმატებია და საამისო მიზეზი არც ქონია, მაგრამ 45-ე წუთს სულ 14 წამი გადასცდა, როცა კუთხური მოიპოვეს სტუმრებმა, კუთხურის ჩამოწოდების საშუალება არ მისცა ისე დაასრულა ტაიმი ხორავამ და სწორედ ამის გამო გაუწყრნენ მსაჯს საჩხერელები.

მეორე ტაიმში, ანგარიშიდან გამომდინარე, უფრო ლაღად შეუტია “სამტრედიამ” და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა მეტოქე გუნდის კართან. მეორე გოლი კი “ჩიხურას” კარში გორგიშვილმა გაიტანა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მან საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, კარგად გაისწორა და მარცხენა კუთხეში უძლიერესი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.

ეს, წინა მატჩის გათვალისწინებით ის შედეგი იყო, რაც ზაზა ზამთარაძეს ხელს აძლევდა სასურველი ცვლილებები განეხორციელებინა და 67-ე წუთზე ილია კერძევაძის ნაცვლად კაპანაძე შემოიყვანა “სამტრედიელთა” დამრიგებელმა, კაპანაძე შეცვლაზე შემოსვლისას გოლის გატანით გამოირჩევა და არც დღევანდელ მატჩში დაარღვია ტრადიცია მასპინძელთა 11 ნომერმა, სულ 3 წუთის შემოსული იყო, როცა გოლის გატანა მოახერხა. შეტევა გეწაძემ წამოიწყო ფლანგზე, მის ჩაწოდებას კი სტუმართა საჯარიმოში მყოფი კაპანაძე გამოეხმაურა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

მატჩის მიწურულს სტუმრებმაც გაიბრძოლეს და ჯერ თეიმურაზ ღონღაძის შორეული დარტყმა გადაცდა მცირედით თევდორაძის კარს, მეორე ეპიზოდში კი მუმლაძის უძლიერესი დარტყმა მოიგერია მასპინძელთა კარის ზედა ძელმა.

მსაჯის მიერ კომპენსიერებულ დროში დათუნაიშვილს და ბოლქვაძეს ჰქონდათ კარგი შანსი ანგარიშის გაზრდის, თუმცა პირველ ეპიზოდში მცველმა იხსნა საკუთარი გუნდი, მეორე შემთხვევაში კი მეკარემ ითამაშა კარგად.

საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 3:0 დასრულდა და “სამტრედია” დ. ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალში გავიდა, სადაც 26 მაისს თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება.

28 აპრილი. 16:00. სამტრედია. “ე. მანჯგალაძე”

ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალი (განმეორებითი)

სამტრედია” (სამტრედია) – “ჩიხურა” (საჩხერე) 3:0 (1:0)

“სამტრედია”: თევდორაძე, კაკუბავა (თ. გრიგალაშვილი, 74), ხიზანიშვილი, ბეჭვაია, კვირკველია, დათუნაიშვილი, გორგიაშვილი (ბოლქვაძე, 78), იაშვილი, დოლიძე, გეწაძე, ი. კერძევაძე (კაპანაძე, 67).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

“ჩიხურა”: ზარქუა, ღონღაძე, ბაჯელიძე, ჭელიძე, კუჭუხიძე, დეკანოიძე (ივანიშვილი, 46), კორიფაძე, ტროანოვსკი (სარდალიშვილი, 46), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (მუმლაძე, 66), ოდიკაძე.

მთავარი მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე

გოლები: იაშვილი (28), გორგიაშვილი (61), კაპანაძე (70)

გაფრთხილება: დობროვოლსკი (30), კაპანაძე (75), გეწაძე (81)

მთავარი მსაჯი: ჯენერ ხორავა

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118777