სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

19:57 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუქსემბურგთან სამი ლიდერი დაგვაკლდება

30 აპრილს, 18:00, ქუთაისის სპორტის სასახლეში, ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს. 3 მაისს იგივე მეტოქე თავისი ქვეყნის დედაქალაქში გვიმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები თავისი თითქმის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად თამაშობს ქუთაისში. მეორე ეტაპზე, პლეიოფში, გადის მხოლოდ გამარჯვებული და მისი ვინაობა ივნისამდე, ლუქსემბურგ-ესტონეთის მატჩებამდე ვერ გაირკვევა. ჯერჯერობით საქართველო და ესტონეთი აბსოლუტურად თანაბარ მდგომარეობაში არიან - თითო მოგება ერთმანეთთან, ბურთების ნულოვანი სხვაობა (55-55) და 2-2 ქულა.

საქართველოს ნაკრები უკვე ქუთაისშია და სამშაბათ საღამოს პირველი ვარჯიში ექნება. სამწუხაროდ, გუნდი ამ ორ მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება - გვაკლია ოთხიდან სამი ძირითადი უკანახაზელი - რატი მსხვილიძე, სერგო დათუკაშვილი და ვლადიმერ რუსია.

მსხვილიძემ, ჯერ კიდევ 2 ნოემბერს, ესტონეთთან მატჩში გაიწყვიტა აქილევსის მყესი და სეზონი მაშინვე დაასრულა. დათუკაშვილი გუნდთან ერთადაა და მატჩის განაცხადშიც იქნება, მაგრამ მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია - სერგოს კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი, ერთი თვე არ უთამაშია და ჯერ არც გამოჯანმრთელებულა. ვლადიმერ რუსია ჯანსაღია და საუკეთესო ფორმაშიცაა, მაგრამ მას სხვა პრობლემა აქვს: რუსიების ოჯახი რუმინეთში პირველ შვილს ელოდება და „ოდორჰეის“ ლიდერს მეუღლის მარტო დატოვება არ შეუძლია.

ეს სამეული ნაკრების წამყვანი ძალააა არა მარტო შეტევაში, არამედ დაცვითი განლაგების დროსაც, მაგრამ სხვა გზა არაა და საკუთარ თავზე მეტის აღება მოუწევთ სხვა უკანახაზელებს. ირაკლი კეკელიძე გამთამაშებლის პოზიციაზე აკაკი ტალახაძესა და უჩა გამზარდიას ათამაშებს, ძირითადი ინსაიდებიდან კი მწვრთნელის განკარგულებაში მხოლოდ ირაკლი ჩიქოვანია. მასთან ერთად ითამაშებენ 21 წლის ზურაბ სიმონია და 23 წლის ლექსო წითელიშვილი.

ორივეს კარგი სეზონი აქვს თურქეთის პირველი ლიგის კლუბ „თუთუნსფორ აქჩაბათში“. კლუბმა 25-27 აპრილს სუპერლიგაში გადასასვლელი პლეიოფის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა და გავიდა ფინალში, სადაც 8-10 მაისს, ქაისერიში, სუპერლიგის ორი საგზურისთვის ითამაშებს 4 გუნდი - გიოზთეფე, ჩუკობირლიკი, თუთუნსფორი და მეტროპოლი. სიმონიაც და წითელიშვილიც კლუბის ლიდერები არიან და ახლა ნაკრებშიც მიეცემათ მეტი დრო და თავის გამოჩენის შანსი.

პრობლემაა, რომ ხუთი უკანახაზელიდან არცერთი ცაცია არაა. კარგია, რომ კარგ ფორმაში არიან უკვე ნახსენები ჩიქოვანი, ნაკრების ძირითადი მეკარე შოთა თევზაძე, მაკედონიის სტრუმიცასა და ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მარჯვენა გარემარბი რევაზ ჭანტურია. ქუთაისში დამწყები შვიდეული ალბათ ასეთი იქნება: თევზაძე, გოგალაძე, ჩიქოვანი, ტალახაძე, სიმონია, ჭანტურია, გვაზავა - თუმცა, მოედანზე გასვლა ალბათ ყველას მოუწევს და ლიდერების არყოფნისას თამაშში თავისი წვლილს შეიტანს.

ლუქსემბურგის ნაკრებმა ბოლო შესარჩევი ციკლი 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაატარა. მაშინ გუნდი ძალიან ძლიერ ჯგუფში მოხვდა სლოვენიასთან, შვეიცარიასთან და უკრაინასთან და ექვსივე თამაში წააგო.

ხელბურთი. ევრო 2018. პირველი შესარჩევი ეტაპი

B ჯგუფი - ესტონეთი, ლუქსემბურგი, საქართველო

(პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული)

29.10.2014 ესტონეთი - საქართველო 28-26

02.11.2014. საქართველო-ესტონეთი 29-27

--

30.04. 2015. საქართველო-ლუქსემბურგი

30 აპრილი, ქუთაისის სპორტის სასახლე, 18:00

მსაჯები: ძმიტრი ნაბოკაუ, სიარჰეი კულიკი (ბლრ)

დელეგატი: დელიან გენჩევი (ბულ)

--

03.05.2015. ლუქსემბურგი - საქართველო

10.06.2015. ლუქსემბურგი-ესტონეთი

13.06. 2015. ესტონეთი-ლუქსემბურგი

--

საქართველო ლუქსემბურგთან

მეკარეები: შოთა თევზაძე (ოდორჰეი, რუმ), გიგა ტორონჯაძე (ტრაბზონსფორი, თურ)

მარცხენა გარემარბები: ილია გოგალაძე, ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი)

მარჯვენა გარემარბები: რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მკდ), რობერტ ბეჟანიშვილი (სტუ)

პივოტები: გიორგი გვაზავა (სტუ), უჩა მაისურაძე (ქუთაისი), შოთა გრიშიკაშვილი (ბათუმი)

უკანა ხაზი: აკაკი ტალახაძე (თავრიზი, ირა), უჩა გამზარდია (ბათუმი), ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, რუმ), ზურაბ სიმონია, ლექსო წითელიშვილი (თუთუნსფორი, თურ), სერგო დათუკაშვილი (ვოივოდინა, სრბ)

მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე, მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე, ექიმი ლევან ლინნიკი

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11335