გერმანიის A ჯუნიორ ნეიდერჰეინლიგის 23-ე ტურში უერდინგენის “ბაიერმა” გასვლით მატჩში 3:2 დაამარცხა “ბვ დიუსელდორფი”. 16 წლის ქართველმა მცველმა ვატო მურჯიკნელმა დიუსელდორფელთა მაისურით სრულად ითამაშა. ვატომ მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 5 გოლია. ჩემპიონატში 14 გუნდი მონაწილეობს. “ბვ დიუსელდორფი” 29 ქულით მერვე ადგილზეა.
გერმანიის კარლსბერგ-ლიგა ზაარლანდში 30-ე ტურის მატჩები გაიმართა. “კოლერბახი” სტუმრად “პრიმსტალს” ეთამაშა (2:2). “კოლერბახის” მოთამაშე-მწვრთნელმა დავით ბახტაძემ მატჩი სრულად ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. 36 წლის ფორვარდი 17 გოლით ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. კარლსბერგ-ლიგა ზაარლანდის გათამაშებაში 18 გუნდი მონაწილეობს, “კოლერბახი” 44 ქულით მე-8 ადგილზეა.
გერმანიის საშენ ლანდესკლასეს გათამაშების ჩრდილოეთ ზონაში ლიდერმა “ტაუხამ” შინ 3:1 დაამარცხა “ლვბ ლაიფციგი”. ლაიფციგელთა მოთამაშე-მწვრთნელი ხვიჩა შუბითიძე სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, თუმცა არ უთამაშია. 16 გუნდიან ჩემპიონატში “ლვბ ლაიფციგი” 5 ქულით ბოლო ადგილზეა.
36 წლის ხვიჩა შუბითიძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. კარიერის დასაწყისში თამაშობდა თბილისის “იმედის,” “თეთრი არწივისა” და “შევარდენის” შემადგენლობაში. 1995 წელს “შევარდენი” დატოვა და მას შემდეგ გერმანულ კლუბებში თამაშობს. მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი 2002-2005 წლებია. ამ დროს “აუეში” თამაშობდა და მეორე ბუნდესლიგაში არაერთი მატჩი ჩაატარა.
გერმანიის ჰამბურგ-ბეზირკსლიგის ჩემპიონატის 26-ე ტურში “ლუდვიგშტალმა შინ 2:1 დაამარცხა “ბლიკვაილერი”, რომლის მოთამაშე-მწვრთნელია მელორ ბიგვავა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ მატჩი სრულად ჩაატარა. 16 გუნდიან ჩემპიონატში “ბლიკვაილერი” 52 ქულით მე-3 ადგილზეა.
გერმანიის ვერბანდსლიგის ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონის ჩემპიონატში “ბილესმენგენ-ბოლხენი” გასვლით მატჩში “რანსტრიხს” დაუზავდა (0:0). სტუმართა მოთამაშე-მწვრთნელმა დიმიტრი აბაზაძემ მატჩი სრულად ჩაატარა. ჩემპიონატში 16 კლუბი მონაწილეობს. აბაზაძის კლუბი 42 ქულით მე-5 ადგილზეა.