რაგბი

18:09 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერვედფინალში ოთხი გავიდა

საფრანგეთის მესამე, ნახევარდპროფესიულ ფედერალ 1 დივიზიონში ის მერვედფინალისტები გამოვლინდება, რომლებიც Pro D2-ის ორი საგზურისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

გიორგი ჩხაიძისა და გიორგი სორდიას “ლილმა”, რომელსაც დავით ბოლღაშვილი ავარჯიშებს, “ოლორონი” სტუმრად 21:16 დაამარცხების შემდეგ მეტოქეს საკუთარ მოედანზეც 21 ქულა გაუტანა, თავად 17 გაუშვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ჩხაიძე ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო, ხოლო სორდიამ სრულად ითამაშა. “ლილმა” საწყის 20 წუთში ორი ლელო გაიტანა და 12:0 დაწინაურდა, ტაიმი კი 15:7 მოიგო. 65-ე წუთისთვის უპირატესობა 11 ქულამდე გაიზარდა (21:10) და მიუხედავად იმისა, რომ “ოლორონმა” ლელო-გარდასახვით 70-ე წუთზე ჩამორჩება შეამცირა, “ლილს” მეოთხედფინალში გასვლაში ხელი ვერ შეუშალა, სადაც მისი მეტოქე “ვანი” იქნება.

თორნიკე ლომიძის “ოშმა”, ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის “ლიმოჟს” შინ კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოუგო - 30:12 (პირველი მატჩი 31:21 დასრულდა). მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ლომიძემ მიიღო, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. “ოშმა” 3 ჯარიმის გატანის შემდეგ, შესვენების წინ საჯარიმო ლელო მიითვალა, თამაში რომ განახლდა ლელო-გარდასახვით 23:0 დაწინაურდა და ქართველის შეცვლისას არა მხოლოდ მეოთხედფინალში გამსვლელის, არამედ მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო.

საკუთარ მოედანზე რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის “მონლუსონს” 26:12 მოუგო ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსმა”, რომელსაც გასვლითი შეხვედრა 19:17 ჰქონდა მოგებული. სტუმართა 12-ივე ქულა კვირიკაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც მგეზავად სრულად ითამაშა. სტუმართა შორის 53-ე წუთიდან ითამაშა გიგაურმა. მასპინძელთა განაცხადში იყო და შეუცვლელად გაისარჯა ზაქაშვილი, ხოლო პატარაია თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

გათამაშებას გამოეთიშა ლაშა მალაღურაძის “ბანიერი”, რომელიც საკუთარ მოედანზე 10 ქულის სხვაობით დამარცხდა, სტუმრად კი, 10:39 წააგო. ქართველმა შუამარბმა სრულად ითამაშა და 58-ე წუთზე სინბინით დაისაჯა. შინ 6:12 მარცხის შემდეგ, სტუმრად 16:25 წააგო ასტამურ იოსელიანის “რომანმა”. ქართველ პირველხაზელს “ანგულთან” განმეორებით მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

საბა ქართველიშვილის “შამბერიმ” “ტიროსი” 57:16 გაანადგურა და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად 16:19 დამარცხდა, მეოთხედფინალში გავიდა. მასპინძლებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს და 62-ე წუთზე თავი ქართველიშვილმა გამოიჩინა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. მეოთხედფინალში “შამბერი” “ოშს” ეთამაშება. ერთრაუნდიანი ჯახები 10 მაისსაა დანიშნული.

0.231914