კალათბურთი

17:41 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შსს აკადემიამ” თითქმის წაგებული შეხვედრა მოიგო

კალათბურთში რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “შსს აკადემია” “ქუთაისი 2010”-ს მასპინძლობდა. აღნიშნული შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ შეხვედრის მომგები გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდოდა. მეორე ადგილზე გასვლა იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდი პლეი ოფის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში მოედნის უპირატესობით ისარგებლებს. უაღრესად დაძაბული შეხვედრა “შსს აკადემიამ” მოიგო 70:68 და მეორე ადგილი გაინაღდა და მეოთხედფინალში “სოხუმს” დაუპირისპირდება. რაც შეეხება მესამე ადგილზე გასულ “ქუთაისი 2010”-ს, მეექვსე ადგილზე გასულ “ბათუმს” შეხვდება.

დავუბრუნდეთ “შსს აკადემია” “ქუთაისი 2010”-ის შეხვედრას. პირველი მეოთხედის შემდეგ მასპინძლები 20:12 დაწინაურდნენ. სტუმრებმა მეორე მეოთხედში თამაში გამოასწორეს და ანგარიშის სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. მეორე ტაიმში “ქუთაისი 2010” კიდევ უფრო გააქტიურდა. რიონისპირელთა გუნდმა ანგარიში ჯერ გაათანაბრა და შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა. შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე სტუმრები 7 ქულით 68:61 იგებდნენ შეხვედრას, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში მასპინძლებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს და ანგარიში გაათანაბრეს 68:68. “ქუთაისი 2010”-მა ბოლო შეტევა ვერ გამოიყენა, ფარიდან ასხლეტილ ბურთს “შსს აკადემიის” კალათბურთელები დაეუფლენ და საპასუხო შეხვედრა წამოიწყეს. გადამწყვეტი სროლა ბექა წივწივაძემ განახორციელა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა. დამატებაზე ითამაშა “შსს აკადემიის” ფორვარდმა მიხეილ ბერიშვილმა და საფინალო სირენასთან ერთად ბურთი კალათში მოათავსა. აღნიშნული ბურთი სადავო გახდა, რომლის შესახებაც მოედნისა და სამდივნოს მსაჯები რამდენიმე წუთი მსჯელობდნენ. ყველაფერი ვიდეოჩანაწერმა გადაწყვიტა. ბურთი ჩაითვალა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, “შსს აკადემიამ” თითქმის წაგებული შეხვედრა მოიგო და რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 20 ქულა “შსს აკადემიას” უკანახაზელმა და ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი ასევე ეროვნული ნაკრების წევრი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე, რომელმაც 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. სტუმართა შორის ყველაზე კარგი შედეგი “ქუთაისი 2010”-ის უკანახაზელმა ზაურ ფაშაევმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი დაფიქსირდა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ფაშაევის თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი აბდულა ნდოე რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და ამდენივე მოხსნაა.

“შსს აკადემია” – “ქუთაისი 2010” 70:68 (20:12, 17:19, 14:17, 19:20)

მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია.

კოტე ტუღუში (“შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი): “როგორც ჩვენი, ისე მეტოქის მიზანი პლეი ოფში მოედნის უპირატესობის მოპოვება იყო. ამ სეზონში პირველად შევძელით “ქუთაისი 2010”-ის დამარცხება, რომელიც ჩვენთვის უხერხული მეტოქეა. ასევე უხერხული მეტოქეა ჩვენთვის “სოხუმი”, რომელსაც პლეი ოფის მეოთხედფინალურ სერიაში დავუპირისპირდებით. და საერთოდ ჩემპიონატში რვავე გუნდი ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს და ვისაც არ უნდა შევხვდეთ, მოდუნების უფლება ერთი წამითაც არ გვექნება”.

მედეა მხეიძე (“ქუთაისი 2010”-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე):” მოსაწყენი ერთთვიანი შესვენების შემდეგ ორივე გუნდის კალათბურთელები თამაშს მონატრებულები იყვნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე მეგონა, რომ თამაში დაძაბული გამოვიდოდა. რაც ბოლო წუთზე განხორციელდა ჩვენი მხრიდან სამაგალითო იყო - როგორ არ უნდა დაუშვა შეცდომები და წააგო თითქმის მოგებული შეხვედრა.

ვულოცავ მეტოქეს ამ გამარჯვებას. ჩემი აზრით მიმდინარე ჩემპიონატში გამოკვეთილი ლიდერი არაა. აღნიშნულიდან გამომდინარე არც ფავორიტი იქნება”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.08904