ფეხბურთი

1:23 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის და ჯერარდის მე-500, ტურინულ დერბიში შეწყვეტილი 20-წლიანი სერია

გერმანია

ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატიდან ერთადერთი, რომელშიც გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ბუნდესლიგაა. გერმანიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მიუნხენის „ბაიერნი“ მდევართათვის მიუწვდომელი გახდა.

„რეკორდმაისტერმა“ ბუნდესლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო. ტურნირის ისტორიაში ასეთი სერია მეხუთედ დაფიქსირდა. გერმანიის ჩემპიონატის ზედიზედ 3-ჯერ მოგება „ბაიერნმა“ 4-ჯერ მოახერხა, ხოლო „გლადბახმა“ - ერთხელ. ბუნდესლიგა ზედიზედ 4-ჯერ ჯერ არავის მოუგია.

„ბაიერნმა“ თავისი თამაში შაბათს მოიგო. „ჰერტასთან“ გამართულ შეხვედრაში (1:0), მიუნხენელთა სასტარტო შემადგელობაში 9 გერმანელი ფეხბურთელი მოხვდა. ბუნდესლიგაში ასეთი ფაქტი 1999 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

„ბაიერნი“, ჩემპიონატის მოგების პარალელურად, რეკორდების დამყარებასაც განაგრძობს. ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა, პირველ 30 თამაშში, მხოლოდ 13 გოლი გაუშვა.

გასულ კვირას, ბასტიან შვაინშტაიგერი გერმანიის ჩემპიონი მერვედ გახდა, რაც რეკორდის გამეორებაა. ამდენივე ტიტულით თავს ოლივერ კანი და მეჰმეთ შოლი იწონებენ.

უნდა აღინიშნოს „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას შედეგიანობაც. კატალონიელმა სპეციალისტმა მწვრთნელობა 2007 წელს, „ბარსა ბ“-ში დაიწყო და გუნდს ესპანეთის მე-3 დივიზიონი მოაგებინა. მას შემდეგ, „ბარსელონას“ პირველ გუნდსა და „ბაიერნში“, გვარდიოლამ 6 წელი იმუშავა. აქედან ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო, ხოლო ერთხელ მე-2 ადგილი დაიკავა.

პეპ გვარდიოლას გუნდი სათამაშოდ სულ 348-ჯერ გაუყვანია და მის აქტივში უკვე 19 ტიტულია. ეს ნიშნავს, რომ კატალონიელ მწვრთნელს, ერთი ტიტულის მოსაგებად, საშუალოდ, 18 თამაში ჭირდება.

შედარებისთვის, გვარდიოლამ, 7 წლის განმავლობაში, იმდენივე ტიტული მოიგო, რამდენიც ლუი ვან გაალმა 24, ხოლო სვენ-გორან ერიკსონმა 35 წელიწადში.

ინგლისი

2013 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის ზედიზედ მე-2 თამაში წააგო. „წითელი ეშმაკები“ „ევერტონთან“ 0:3 განადგურდა. მანჩესტერელებმა პირველ ტაიმში 2 გოლი გაუშვეს, რაც 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ერთი წლის წინათ ეს ასევე „ევერტონთან“ მატჩში მოხდა.

„მანჩესტერმა“ რომ „ევერტონთან“ კარგი შედეგი ვერ აჩვენა, ეს გასაკვირი არაა. საქმე ისაა, რომ კვირა დღეს გამართული ბოლო 16 გასვლითი თამაშიდან „წითელმა ეშმაკებმა“ მხოლოდ 2 მოიგეს.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება, რომელშიც ერთმანეთს „არსენალი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდნენ, უგოლოდ დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ „მეთოფეებისთვის“ 2 უსიამოვნო სერია გაგრძელდა. კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ, „არსენალს“ „ჩელსის“ კარში, გოლი უკვე 8 საათზე მეტია არ გაუტანია. კიდევ უფრო ხანგრძლივი წარუმატებელი სერია აქვს არსენ ვენგერს, რომელმაც ჟოზე მოურინიოსთან გამართული 13 დაპირისპირებიდან ვერცერთი მოიგო.

ბოლო 4 მატჩში ქულები მესამედ დაკარგა „ლივერპულმა“, რომლის კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, პრემიერლიგაში, მე-500 თამაში ჩაატარა. 34 წლის ნახევარმცველი ტურნირის ისტორიაში მე-12 ფეხბურთელია, რომელსაც ასეთი შედეგი აქვს. ამ 12 მოთამაშიდან 500 თამაში ერთი გუნდის მაისურით მხოლოდ ჯერარდმა, გიგზმა და კარაგერმა მოაგროვეს.

ცუდი პერიოდი უდგას „ნიუკასლს“. „კაჭკაჭებმა“ ჩემპიონატის ზედიზედ მე-7 თამაში წააგეს, რაც მათ ისტორიაში მეორედ, 1977 წლის შემდეგ კი პირველად მოხდა.

„ქუინს პარკ რეინჯერსს“, რომელიც პრემიერლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, თანაქალაქელებთან თამაში ძალიან უჭირს. 1968/69 წლების სეზონის შემდეგ პირველად, სულ კი მეორედ მოხდა, რომ ამ გუნდმა, ჩემპიონატის ერთ გათამაშებაში, ვერცერთი ლონდონური გუნდი ვერ დაამარცხა.

საინტერესო ფეხბურთელია ჩემპიონლიგაში მოთამაშე „უოტფორდის“ მცველი მეთიუ კონოლი. ბოლო 5 სეზონის განმავლობაში, მან პრემიერლიგის საგზური 4 სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიპოვა. 2011 წელს, მან ეს „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ ერთად გააკეთა, 2012 წელს - „რედინგთან“, 2013-ში „კარდიფთან“, ხოლო წელს - „უოტფორდთან“.

იტალია

ტურინულ დერბიში ერთი სერია შეწყდა, რომელიც 20 წელსა და 17 მატჩს ითვლიდა - „ტორინომ“ „იუვენტუსი“ 1995 წლის აპრილის შემდეგ პირველად დაამარცხა.

არადა, ანგარიში ანდრეა პირლომ გახსნა, რაც „ბებერი ქალბატონისთვის“ კარგის ნიშანი იყო. საქმე ისაა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, თუ პირლოს გოლი გაჰქონდა, მისი გუნდი არ აგებდა. თუმცა, კვირას ეს სერიაც შეწყდა.

პირლომ თავი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, სერია A-ში, უკვე 27 ჯარიმა აქვს გატანილი, რაც სინიშა მიხაილოვიჩის სარეკორდო მაჩვენებელზე ერთით ნაკლებია.

„ტორინოს“ მსგავსად, წარუმატებელი სერია შეწყვიტა „ინტერმაც“, რომელმაც „რომა“ 2011 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოხდა, რომ დანიელე დე როსი მოედანზე იყო და „რომამ“ მაინც წააგო. 31 წლის ფეხბურთელმა 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. შედეგად, საუკეთესო მოქმედი სერიის ავტორი „იუვენტუსის“ მარცხენა მცველი პატრის ევრა გახდა, რომელსაც უკვე 19 თამაშია არ წაუგია.

სერია A-ს 32-ე ტური უხვგოლიანი გამოდგა. სულ 35 ბურთი გავიდა, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია.

ესპანეთი

ესპანეთის ჩემპიონატში კატალონიური დერბი გაიმართა. „ბარსელონამ“ „ესპანიოლი“ ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხა, რაც 1919-1924 წლების შემდეგ პირველად მოხდა.

„ესპანიოლთან“ გამართული შეხვედრა განსაკუთრებული იყო „ბარსელონას“ კაპიტნისთვის, ჩავი ერნანდესისთვის, რომელმაც ლა ლიგაში მე-500 მატჩი ჩაატარა. 35 წლის ნახევარმცველი მეოთხეა, რომელმაც ამ შედეგს ერთი გუნდის მაისურით მიაღწია. წინა 3 ფეხბურთელი (სანჩისი, რაული, კასილიასი) „რეალში“ თამაშობდა.

„ესპანიოლის“ კარში გასული პირველი გოლი იმით იყო გამორჩეული, რომ ნეიმარმა ზუსტი დარტყმა 25-პასიან კომბინაციას მოაყოლა. პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოხდა, რომ საგოლე კომბინაცია 18 გადაცემაზე მეტს ითვლიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მე-2 ტაიმის დასაწყისში, ხორდი ალბას გაძევების შემდეგ, „ბარსელონა“ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდისთვის ეს პრობლემა არც ამჯერად აღმოჩნდა. პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში „ბარსას“ ფეხბურთელი მოედნიდან 3-ჯერ გააძევეს და კატალონიელებმა სამივე შეხვედრა მოიგეს.

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგ შემტევს, ანტუან გრიზმანს, უკვე 3 თამაშია, ვერავინ აჩერებს. მან დუბლი პრიმერას ზედიზედ სამ შეხვედრში გაიტანა. „ატლეტიკოს“ ისტორიაში ასეთი რამ მეორედ მოხდა. პირველად ეს ფერნანდო ტორესმა 2003/04 წლების სეზონში მოახერხა.

გრიზმანმა, „ელჩესთან“ გამართულ მატჩში, პირველი გოლი თავით გაიტანა. „ატლეტიკოს“, მიმდინარე გათამაშებაში, თავური დარტყმით უკვე 23 გოლი აქვს გატანილი. პრიმერაში ასეთი შედეგი 1996/97 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 18 წლის წინათ, „ბეტისის“ ფეხბურთელებმა თავით 25 გოლი გაიტანეს.

საფრანგეთი

„მარსელმა“, რომელიც ცოტა ხნის წინათ საფრანგეთის ჩემპიონობისთვის იბრძოდა, ზედიზედ მე-4 თამაში წააგო და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. მარსელო ბიელსას გუნდმა, ბოლო 4 საშინაო თამაშიდან სამში 3 ან მეტი გოლი გაუშვა. „ოლიმპიკმა“, ამჯერად, 3:5 წააგო. 1980 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ამ გუნდმა, ლიგა ერთში საკუთარ მოედანზე გამართულ მატჩში 5 გოლი გაუშვა.

„მარსელის“ შემადგენლობაში შეცვლებზე შედეგიანად შესვლას განაგრძობს ბელგიელი შემტევი მიში ბაჩუაი. 21 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე გათამაშებაში, შეცვლაზე შესვლის შემდეგ უკვე მე-6 გოლი გაიტანა. არცერთ სხვა ფეხბურთელს, ასეთ სიტუაციაში, სამზე მეტჯერ არ გაუტანია.

გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, „პარი სენ ჟერნენმა“, „ლილი“ 6:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში გუნდებმა კარში ზუსტად დარტყმა 8-ჯერ მოახერხეს, გოლი კი 7-ჯერ გაიტანეს.

პარიზში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ „ლილის“ კარში უკვე 4 ბურთი იყო გასული. ამ გუნდს ასეთი რამ 1993 წლის იანვრის შემდეგ პირველად შეემთხვა.

„მონაკომ“ ლიგა ერთის ზედიზედ მე-5 გასვლითი თამაში მოიგო. მონაკოელებს ასეთი შედეგი ისტორიაში პირველად აქვთ.

Loading...
0.143648