სხვა

20:01 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლიდერ-ბეთმა” ვახტანგ ბლაგიძეს უმასპინძლა 

ქართველ სპორტსმენებს და კერძოდ ჩვენ თანამემამულე ფალავნებს საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ გავუხარებივართ, წარმატებულ სპორტსმენებს შორისაც კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ბლაგიძეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მან თავისი მიზანმიმართულებით, საქმისადმი ერთგულებით, პროფესიონალიზმით, საჭიდაო ხალიჩაზე ფენომენალური გამოსვლებით დაგვამახსოვრა თავი. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ვახტანგ ბლაგიძეს საერთაშორისო ასპარეზზე არცერთი ორთაბრძოლა დაუთმია. არადა, სპორტში გადადგმული პირველი ნაბიჯებიდან კარიერის დასრულებამდე ბატონ ვახტანგს როგორც სპორტის იმდროინდელი მესვეურები, ასევე საკავშირო ნაკრების მწვრთნელები ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდნენ, რომლებსაც სახელოვანი მოჭიდავე მონდომების, ხალიჩაზე მეტოქეების დაჩაგვრით პასუხობდა და წინააღმდეგობების მიუხედავად, მეტად ტიტულოვანი სპორტსმენიც გახდა. ვახტანგ ბლაგიძე მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონია, მოპოვებული აქვს მსოფლიო თასიც, კარიერის გვირგვინი კი 1980 წლის ოლიმპიური თამაშებია. მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების მიერ გამოცხადებული ბოიკოტისა, ვახტანგ ბლაგიძის წონით კატეგორიაში თავი პლანეტის იმდროინდელმა ყველა უძლიერესმა მოჭიდავემ მოიყარა თავი. მით უფრო სასიხარულო და საამაყოა ქართველი ფალავნის მოსკოვური ტრიუმფი. თავად ოლიმპიური ჩემპიონი ოლიმპიადისწინა პერიოდსა და უშუალოდ თამაშებს ასე იგონებს:

“ნაკრებში მთავარ მწვრთნელად გენადი საპუნოვის მოსვლასთან ერთად, გუნდში არსებული პრობლემები ჩემთვის დამთავრდა: მან ყოველგვარი საცდელი შეხვედრების გარეშე წამიყვანა ჩეხოსლოვაკიაში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ყველა შეხვედრა, საერთო ჯამში, 7 წუთში მოვიგე. საპუნოვი კრებას რომ ატარებდა, ყველა მოჭიდავეს ეუბნებოდა - შრომისმოყვარეობით ბლაგიძეს მიჰბაძეთო. ბავშვობიდან მოყოლებული, სულ სწრაფად რბენაში ვვარჯიშობდი და ერთხელ, ფალავანთა კლუბში კედელზე გარბენაც ვცადე. მართლაც, რამდენიმე ნაბიჯი გავაკეთე და იქიდან მოყოლებული, კედელზე სირბილში სისტემატურად ვვარჯიშობდი. იმ დონეზე ავედი, რომ შემეძლო, 12 ნაბიჯიც კი გამერბინა. მახსოვს, დარბაზში ვარჯიშისას მიხეილ სალაძის მწვრთნელი ვლადიმერ მაისურაძე ხალიჩაზე წამოწოლილი თვალს გვადევნებდა. ამ დროს გამოვიქეცი და მის თავს ზემოთ კედელზე რამდენიმე ნაბიჯი გავირბინე. ცხადია, მაისურაძემ გაკვირვებულმა შემომხედა და იფიქრა _ გაგიჟდა ეს კაციო!.. მეორედაც იგივე რომ გავაკეთე, დამიძახა - ნელა, ზედ არ დამეცეო!.. მახსოვს, კისლოვოდსკში შეკრებაზე ვიმყოფებოდით და სასტუმროში ორმაგი შუშისგან აშენებული კედელი იყო. მასზე რომ გავირბინე, კედელმა ზანზარი დაიწყო და ხალხი შეშინებული გაიქცა - სასტუმრო ინგრევაო. 1980 წელს, მოსკოვს ოლიმპიადაზე ფინალამდე, 6 შეხვედრა სუფთად მოვიგე და გადამწყვეტი ორთაბრძოლა უნგრელ რაცთან უნდა ჩამეტარებინა, რომელსაც ჩემთან გამარჯვება ოცნებად ჰქონდა ქცეული. ფინალის წინ, მოთელვას ვასრულებდი სათადარიგო დარბაზში, სადაც დახლი იყო მოწყობილი, რომ სპორტსმენებს ჩაით, ყავით ან გამაგრილებელი სასმელებით გაესველებინათ პირი. ორთაბრძოლის დაწყებამდე ორი-სამი წუთი იყო დარჩენილი და რადგან ნერვულობისგან პირი გამიშრა, გადავწყვიტე, ჩაი მომესვა. დახლთან მდგომმა ქალმა მიმითითა - რიგში ჩადექიო. მოთელვა გავაგრძელე და უეცრად გამოქანებულმა, ამ ქალის თავს ზემოთ კედელზე გავირბინე. მან ამის დანახვაზე წინსაფარი მოიხსნა - აქ გიჟები არიანო! - და დარბაზი დატოვა. ამ სცენას რაციც შეესწრო. მომხდარმა მასზე ისე იმოქმედა, რომ ფინალის დაწყებამდე, როცა უნგრელს ხელი ჩამოვართვი, კარგად დავინახე, მუხლები როგორ უკანკალებდა. ორთაბრძოლა 19:1 მოვიგე. ფინალის დასრულების შემდეგ, ყველას თვალწინ პირჯვარი გადავიწერე და ამის გამო კუთვნილი პრემია არ მომცეს. თან, არც ლენინის ორდენზე წარმადგინეს, როგორც ოლიმპიური ჩემპიონი. მაგრამ ამაზე დიდად არ დამწყვეტია გული, რადგან თავის დროზე, არც კომკავშირელი ვყოფილვარ და არც კომუნისტი. პირჯვარი კი იმიტომ გადავიწერე, რომ ამის გაკეთება დედამ მთხოვა, რომელმაც სიზმარში ნახა, კვარცხლბეკზე როგორ ავდიოდი... მაშინ ოლიმპიადის დაწყებამდე, ვიდრე შეკრებაზე გავემგზავრებოდი, მშობლიურ სოფელში ჩავედი და დედის სიზმარიც ჩემს სტუმრობას დაემთხვა. ის მეორე დღესვე, შემოქმედის ჯვრის მონასტერში ფეხშიშველი წავიდა და უფალს შეევედრა, მოსკოვიდან გამარჯვებული დავბრუნებულიყავი. სოფლიდან ჩემი წამოსვლის წინ კი მითხრა _ ერთადერთი სათხოვარი მექნება: გამარჯვების შემთხვევაში, პირჯვარი გადაიწერეო. არ ვიცი, ამის ბრალი იყო თუ სხვა რამის, მაგრამ ოლიმპიადიდან დაბრუნებულს, თბილისის აეროპორტში რესპუბლიკის ოფიციალური პირებიდან არავის მოულოცია გამარჯვება - მხოლოდ ცოლი დამხვდა. ამ ფაქტმა ბუნებრივია, გული დამწყვიტა. მოგვიანებით, მხოლოდ ჟიული შარტავა შემხვდა პირადად, ჩემპიონობის მოსალოცად...

1981 წელს, ნორვეგიაში მსოფლიო ჩემპიონი ისე გავხდი, რომ ყველა ორთაბრძოლა სუფთად მოვიგე და ამისთვის საერთო ჯამში სამწუთნახევარი დამჭირდა აღსანიშნავია, რომ 1980 წელს, ოლიმპიური ოქროს მედალი ხუთმა ფალავანმა მოვიპოვეთ, ხოლო მომდევნო წელს, ამათგან არც მსოფლიო ჩემპიონი გამხდარა ვინმე და არც საბჭოთა კავშირის პირველობა მოუგია. ეს მხოლოდ მე მოვახერხე... სხვათა შორის, ვიდრე მსოფლიო პირველობაზე მეორედ არ გავიმარჯვე, მანამდე, ცოლთან ერთად, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. მხოლოდ ამის შემდეგ მომცეს ბინა”...

ტოტალიზატორ “ლიდერ-ბეთში” “ქართული სპორტის ლიდერების” ეგიდით კიდევ ერთი თბილი შეხვედრა ჩატარდა. ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონებმა ლევან თედიაშვილმა, ნინო სალუქვაძემ, მიხეილ სალაძემ, თემურ ყაზარაშვილმა, მაია აზარაშვილმა ვახტანგ ბლაგიძის სპორტულ მიღწევებსა და შესანიშნავ პიროვნულ თვისებებზე გაამახვილეს ყურადღება. საღამო ჯამლეთ ხუხაშვილს მიჰყავდა და ლეგენდარული ფალავნისადმი არც გამოსულმა ჟურნალისტებმა დაიშურეს კეთილი სიტყვა. საღამოს ბატონი ვახტანგის ოჯახის წევრებით დაესწრნენ, რომელთაც სამომავლოდ ასევე წარმატება და ბედნიერება უსურვეს.

0.12808