ფეხბურთი

16:25 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯიქიას გოლი რუსეთის პირველ დივიზიონში

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 29-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” სტუმრად ასტრახანის “ვოლგართან” 0:4 დამარცხდა. მარჯვენა მცველმა კახა ალადაშვილმა ხაბაროვსკელებში სრულად ითამაშა. ნახევარმცველი გოგიტა გოგუა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს. კიდევ ერთი ქართველი შუახაზელი გუჯა რუხაია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო. ასტრახანელებში რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველი თეიმურაზ ბუკია 70-ე წუთიდან გამოჩნდა. “სკა-ენერგია” 30 ქულით 18 გუნდში მეთხუთმეტეა. “ვოლგარი” 43 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

ტიხვინის “ტოსნომ” გასვლაზე იაროსლავლის “შინიკთან” 0:2 წააგო. მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ დამარცხებულებში სრულად ითამაშა. რუსეთის მოქალაქე მარჯვენა მცველი გურამ თეთრაშვილი ასევე სასტარტოში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. მეკარე ნუკრი რევიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე გასვლა კვლავ არ მოუწია. “ტოსნო” 55 ქულით მეოთხეა.

“სახალინმა” თავის მოედანზე “ენისეის” 1:0 აჯობა. ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 56-ე წუთზე შეცვალეს. ამპლუით ასევე ნახევარმცველი გიორგი კახელიშვილი 18-კაციან განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. “სახალინი” 38 ქულით მე-16 ადგილზეა.

კალინინგრადის “ბალტიკა” სახლში სარატოვის “სოკოლს” დაუზავდა – 1:1. ამჯერად, მეკარე გიორგი შელიას, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწია. “ბალტიკა” 30 ქულით მეთხუთმეტეა.

ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” ძერჟინსკის “ხიმიკი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. ფორვარდი მერაბ ურიდია მასპინძლების სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა, მოედანზე შესვლა არ მოუწია. “ხიმიკში” ცენტრალურმა მცველმა გიორგი ჯიქიამ შეუცვლელად იასპარეზა და 59-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ამავე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო. “ვოლგა” 40 ქულით მერვეა, ხოლო “ხიმიკი” 24 ქულით – მეჩვიდმეტე.

მახაჩყალის “ანჟიმ” შინ ტომსკის “ტომს” 6:0 აჯობა. დამარცხებულებში ანზორ სანაიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ტომი” 56 ქულით მესამეა.

0.121876