ფეხბურთი

16:29 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი გამოცდა “ბლაუგრანას” – ამჯერად კატალონიური დერბი

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “კორნელია ელ პრატზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ესპანიოლი” კატალონიურ დერბიში გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს “ბარსელონას” მიიღებს.

18:00 ესპანიოლი – ბარსელონა

“ესპანიოლი” ცხრილის შუაში იმყოფება და ამ მხრივ არანაირი მოტივაცია არ გააჩნია. კლუბი გასავარდნ ზონას 14 ქულით უსწრებს, ხოლო ევროპა ლიგის ზონას 10 ქულით ჩამორჩება. თუმცა, მასპინძელთათვის დღევანდელ შეხვედრას არანაირი მოტივაცია არ სჭირდება, მათი მეტოქე საძულველი “ბარსელონაა’, რომელთანაც “თუთიყუშები” ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებიან. სერხიო გონსალესის შეგირდები კატალონიურ დერბის ექვსმატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდებიან, საიდანაც 2 მოიგეს და 4 ფრედ ითამაშეს. მასპინძლებს ტრავმის გამო მატიონი არ ეყოლებათ, ხოლო ვიქტორ სანჩესი დისკვალიფიცირებულია.

მოახლოებულ დაპირისპირებას დიდებულ ფორმაში ხვდება “ბარსელონა”, რომელმაც ბოლოს 21 თებერვალს “მალაგასთან” წააგო და მას შემდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებული 13 მატჩიდან 12 მოიგო და მხოლოდ “სევილიასთან” დარჩა ქულის ამარა. უნდა აღინიშნოს, რომ “ბლაუგრანას” ძალიან რთული კალენდარი ჰქონდა. კლუბს უკანასკნელ 20 დღეში მე-7 შეხვედრის ჩატარება უწევს (გასულ ექვს მატჩი “ბარსა” შემდეგ მეტოქეებს დაუპირისპირდა: “ალმერია”, “სელტა”, “სევილია”, “ვალენსია” და ორჯერ პსჟ). დღეს ლუის ენრიკეს კრებულს მორიგი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რომლის შედეგიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კატალონიური გრანდისთვის. “ბარსელონა” მე-2 ადგილოსან “რეალს” მხოლოდ 2 ქულით უსწრებს და ერთი წაბორძიკებაც საკმარისია, რომ ლიდერი შეიცვალოს, რადგანაც ურთიერთშეხვედრებში “ბლანკოსს” უკეთესი მაჩვენებელი აქვს. რთული გამოსაცნობი არაა, თუ ვინ დააკლდება “ბლაუგრანას” – ტომას ვერმაელენი.

ისე კი, “ესპანიოლისთვის” თანაქალაქელის გამწარება უცხო ხილი არაა. 2006/2007 წლების სეზონის 37-ე ტურში უმოტივაციო “თუთიყუშებმა” “ნოუ კამპზე” ფრედ 2:2 ითამაშეს და ესპანეთის ჩემპიონი “რეალი” გახადეს (მაშინ ლიონელ მესის დუბლს რაულ ტამუდომ ასევე ორი გოლით უპასუხა. აღსანიშნავია, რომ მან მეორე გოლი 90-ე წუთზე გაიტანა).

რაც შეეხება ბოლო დროინდელ ურთიერთშეხვედრებს: უკანასკნელი 6 ოფიციალურ კატალონიურ დერბიში “ბარსელონამ” იმარჯვა. პირველი წრის შეხვედრა მათი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ჰ.მორენო, ა.გონსალესი, არბილია, დუარტე, ხ.ლოპესი, კანიასი, ვ.ალვარესი, ვაზკესი, ს.გარსია, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო, პიკე, ალვეში, ალბა, ბუსკეტსი, ხავი, რაკიტიჩი, ლ.სუარესი, მესი, ნეიმარი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: მატეუ ლაოსი

20:00 ატლეტიკო – ელჩე

კატალონიური დერბის დასრულებისთანავე ტური “ვისენტე კალდერონზე” გასამართი შეხვედრით გაგრძელდება, სადაც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი “ატლეტიკო” ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ “ელჩეს” ეთამაშება.

მასპინძლების ერთადერთი მიზანი მიმდინარე სეზონში მე-3 ადგილის შენარჩუნება. ისინი მე-4 საფეხურზე მყოფ “ვალენსიას” 4 ქულით უსწრებენ. დიეგო სიმეონეს ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი ჰყავს და ეცდებიან, რომ მთელი ჯავრები “ელჩეზე” იყარონ.

ბოლო პერიოდში ფრან ესკრიბას კლუბმა საგრძნობლად მოუმატა და ეს სატურნირო ცხრილშიც აისახა. “ელჩე” მე-14 ადგილამდე აღზევდა და გასავარდნ ზონას 6 ქულით მოცილდა. მასპინძელთაგან განსხვავებით, ვალენსიელებს ბევრი მოთამაშე დააკლდებიან: ანხელი, ალბაკარი და პელეგრინი ტრავმირებულნი არიან, ხოლო ნიგუეზი, პასალიჩი და ვიქტორ როდრიგესი დისკვალიფიკაციის გამო არ იქნებიან.

ამ კლუბების პირველი წრის შეხვედრა “ატლეტიკოს” გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხ.ხიმენესი, გოდინი, გამესი, ხუანფრანი, გაბი, ტიაგო, თურანი, კოკე, გრიზმანი, ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, როკო, ლომბანი, სისმა, დ.სუარესი, ადრიანი, მოსკერა, ფაჟრი, გ.როდრიგესი, კორო, ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

მსაჯი: კლოს გომესი

თეგებილა ლიგა
0.118263