ფეხბურთი

20:27 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ცხინვალმა” რევანში აიღო

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თბილისის “დინამო” უმაღლესი ლიგის 25-ე ტურში “ცხინვალს” ესტუმრა და 1:4 დამარცხდა. გამოსარჩევია, რომ ამ გუნდთა პირველი წრის მატჩი თბილისელებს 6:1 მოეგოთ და შეიძლება ითქვას, “ცხინვალმა” რევანშიც აიღო.

აღნიშნული მარცხის შედეგად კი კახა გოგიჩაიშვილის შეგირდები ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ლიდერ გორის “დილას” უკვე 4 ქულით ჩამორჩნენ.

არადა, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონის სათადარიგო არენაზე გამართული მატჩის დასაწყისი დინამოელებს ცუდს არაფერს უქადდა. პირიქით, ისინი სათამაშო უპირატესობას მეთოდურად ეუფლებოდნენ და 25-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს. მარცხენა ფლანგიდან საბა ლობჟანიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ხოლო მის ჩაწოდებულს ახლო ძელთან მათე ცინცაძე გამოეხმაურა - 0:1. ზუსტად 4 წუთში გატანა ვახტანგ ჭანტურიშვილს მართებდა, თუმცა თბილისელთა შემტევმა მასპინძელი მცველების უყურადღებო თამაში ვერ შეირგო და კარს მცირედით ააცილა. პირველ ტაიმში კარგი შანსი მანუელ ონვუსაც მიეცა, მაგრამ ესპანელის თავური არაზუსტი გამოდგა. გამოუყენებელი მომენტების გამო კი სტუმრები დაისაჯნენ - მე-40 წუთზე მოედნის შუაში კარგად ვასიკო ბაჩიაშვილმა ითამაშა, რომელმაც მეკარე ჰრდლიჩკასთან პირისპირ გიორგი ივანიშვილი გაიყვანა, ვინც კიპერს გვერდი აუარა და დაუცველ კარში ადვილად გაიტანა. და მაინც, “დინამო” პირველი ტაიმის მოგებასთან ძალზე ახლოს იყო. ტაიმის ბოლო წუთზე ონვუს დარტყმულის შემდეგ გიორგი ნადირაძის კარი ხარიხამ იხსნა.

სტუმრებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს. 50-ე წუთზე ოთარ კაკაბაძის ფლანგიდან შესრულებულ გამჭოლ გადაცემაზე ოდნავ დააგვიანა შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა ჭანტურიშვილმა და ეპიზოდიც დაიკარგა. სამაგიეროდ, ლამაზი კომბინაცია გოლით დაასრულა “ცხინვალმა”. მე-60 წუთზე ივანიშვილი-ცერცვაძე-კაჭარავას სამსვლიანი კომბინაცია გოლით ამ უკანასკნელმა დააგვირგვინა, ვინაც ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში თავი მეხუთედ გამოიჩინა.

“დინამომ” მეტოქისთვის საკუთარი თამაშის მოხვევა სცადა, მაგრამ ამ საქმიდან დიდად ვერაფერი გამოსდიოდა. 74-ე წუთზე კი კაკაბაძეს ბიძინა მახარობლიძე საკუთარ საჯარიმოში გაექცა და მცველიც იძულებული გახდა შემტევი წაექცია. თუმცა “ცხინვალის” სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა – ლიბორ ჰრდლიჩკამ ვარლამ კილასონიას 11 მეტრიდან გატანა არ დაანება. ცოტა ხანში კარგად ითამაშა ონვუმ, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრიდან სცადა გატანა, მაგრამ მასპინძელთა კაპიტანმა გიორგი ნადირაძემ ლამაზი ნახტომით ბურთი კუთხურზე მოიგერია.

85-ე წუთზე უკეთ თამაში ისევ ესპანელ თავდამსხმელს მართებდა, რომელიც ჭანტურიშვილმა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ პირინელმა იქამდე იფიქრა, სანამ კილასონია ფეხებში არ ჩაუვარდა და მდგომარეობაც კუთხურის მეშვეობით განიმუხტა. ეს დინამოელთა ბოლო შანსი გამოდგა. დარჩენილ დროში კი “ცხინვალმა” მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა და დიდი ანგარიშით იმარჯვა. 88-ე წუთზე მახარობლიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლი შეაგდო, ხოლო მსაჯის კომპესირებულ დროში ირაკლი ლექვთაძის დარტყმულს ცვლილებაზე შესულმა რატი ცაცკრიალაშვილმა დაამატა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები შუა კვირაში ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. ამჯერად უკვე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალის საასუხო მატჩში.

რაც შეეხება უმაღლესი ლიგის მომდევნო ტურის მატჩებს – “ცხინვალი” “სიონს” ესტუმრება. ხოლო “დინამო” ქართულ კლასიკოში “ტორპედოს” დაუხვდება.

“ცხინვალი” – “დინამო” 4:1 (1:1)

თბილისი, “მიხეილ მესხის” სათადარიგო არენა

“ცხინვალი” (4-2-3-1): ნადირაძე; ცერცვაძე, კილასონია, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი; ქარდავა, თარხნიშვილი; მახარობლიძე, ივანიშვილი (ლექვთაძე 76), შინდაგორიძე (ცაცკრიალაშვილი 54); კაჭარავა (კაჭკაჭიშვილი 88)

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

“დინამო” (4-2-3-1): ჰრდლიჩკა; კაკაბაძე (ჯიღაური 75), რენე ფერეირა, თოთაძე, შერგელაშვილი; ცინცაძე, პარუნაშვილი (ჩირგაძე 62); ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი (ჯანელიძე 88); ონვუ

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

გოლები: 0:1 ცინცაძე (25), 1:1 ივანიშვილი (40), 2:1 კაჭარავა (60), 3:1 მახარობლიძე (88), 4:1 ცაცკრიალაშვილი (90+2)

გაფრთხილება: ბაჩიაშვილი (78) – თოთაძე (28), კაკაბაძე (74), ცინცაძე (81)

მთავარი მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

მეგოლეები:

12 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), ნიკა კაჭარავა, ლაშა შინდაგორიძე (ორივე – ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.46136