2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ საქართველოს დედაქალაქ თბილისს, შეჯიბრის მონაწილე ქვეყნების დელეგაცია სტუმრობს, რომელთა მიზანიც ინფრასტრუქტურის და მიმდინარე სამუშაობის ადგილზე გაცნობაა.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, 50 ქვეყნის ტექნიკურ დელეგატებს და ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელებს ექსპო-ჯორჯიაში ხვდებიან, სადაც მიმდინარეობს თბილისში განხორციელებული თუ განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია. ამის შემდეგ სტუმრები ადგილზე გაეცნობიან ინფრასტრუქტურას და უახლოეს დღეებში ისინი დადებენ დასკვნას - მზადაა თუ არა თბილისი უმასპინძლოს 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალს.
“ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე სპორტული შეჯიბრება. თავისი არსით ის ემთხვევა იმ კურსს, რომელიც გვაქვს გაცხადებული - გავხდეთ ერთიანი ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი. საქართველო დიდი ტრადიციების მქონე სპორტული ქვეყანაა. ჩვენს ქვეყანას აღზრდილი ჰყავს არაერთი სპორტსმენი, რომელთაც არა მხოლოდ ასახელეს საკუთარი ქვეყანა, არამედ დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო სპორტის განვითარებაში” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“ვმასპინძლობთ 50 ქვეყნის დელეგატებს, რომელთაც გავაცნობთ ინფრასტრუქტურას, ვაჩვენებთ ოლიმპიურ სოფელს და გავაცნობთ იმ პირობებს, რომელიც შექმნილი იქნება მათი სპორტსმენებისთვის. ყველაფერი მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით და შეიძლება ითქვას, რომ თბილისი მზადაა ამ ფესტივალს მაღალ დონეზე უმასპინძლოს” - დაამატა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა.







