2015 წლის სუპერთასი თბილისში რომ უნდა გაიმართოს, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის ჩემპიონთა ლიგის გარდა ევროპის ლიგაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მისი გამარჯვებული თბილისს უნდა ეწვიოს. 2014/2015 წლების სეზონის მონაწილეთა რაოდენობა უკვე ოთხამდე შემცირდა და ჩვენს ქვეყანას შესაძლოა ჯაბა კანკავას “დნიპრო” ეწვიოს, თუმცა, მისი კონკურენტები თასის მოქმედი მფლობელი ესპანური “სევილია და იტალიური კლუბები - “ნაპოლი” და “ფიორენტინა” იქნებიან.
ასეთ პირობებში რა თქმა უნდა უკრაინული კლუბი ფავორიტად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ნახევარფინალამდე ეს გუნდი დამაჯერებლად მივიდა და პირველ ევროპულ ტიტულსაც მაქსიმალურად მიუახლოვდა. ორმაგად სასიხარულოა, რომ გუნდში კანკავას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს და ახლაც 90 წუთი ითამაშა.
“დნიპროს” ბელგიაში “ბრიუგესთან” 0:0 ჰქონდა ნათამაშები და კიევში ნახევარფინალში გამსვლელი ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გაიტანა. ეს ლოგიკური შედეგი იყო, რადგან “ბრიუგემ” უკრაინელთა კარში პირველი დარტყმა მხოლოდ 72-ე წუთზე განახორციელა. ამ მატჩამდე ბელგიელებს ევროპის ლიგაზე 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ, მაგრამ ის “დნიპრომ” დამსახურებულად შეწყვიტა, თავად კი, ისტორიულ წარმატებას უკვე მიაღწია და ბრძოლა ამით სულაც არ დამთავრებულა.
მეორე უკრაინული გუნდი კიევის “დინამო” ევროპის ლიგას მეოთხედფინალში დაემშვიდობა. “ფიორენტინამ” მათი კარისკენ სამის წინააღმდეგ 25 დარტყმა განახორციელა. შედეგად, ფლორენციელები 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ ნახევარფინალში. შედეგზე დიდი გავლენა იქონია ლენსის მეორე გაფრთხილებამ და მე-40-ე წუთზე გაძევებამ, როდესაც ანგარიში 0:0 იყო.
პირველ მატჩში იტალიელებმა წონასწორობა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე აღადგინეს და მათ უგოლო ფრეც აძლევდათ ხელს, მაგრამ თამაში აქტიურად დაიწყეს. შტურმს მომენტებიც მოყვა და მე-9 წუთზე მოჰამედ სალაჰის დარტყმის შემდეგ სტუმრები შოვკოვსკიმ იხსნა, ხოლო მარკოს ალონსოს საჯარიმოს ფარგლებს გარედან დარტყმული ზედა ძელმა მოიგერია. მომენტები ჰქონდათ ბორხა ვალეროს, ალონსოს და ორჯერ მარიო გომესს, რომელსაც ერთი-ერთზე ჯერ შოვკოვსკიმ აჯობა, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანი ვერ გაისწორა. 37-ე წუთზე სტეფან სავიჩს კვლავ მეკარემ აჯობა, ხოლო სამ წუთში “ფიორენტინას” საჯარიმოს ხაზზე ლენსი წაიქცა, მსაჯმა ეს ეპიზოდი სიმულაციად შეაფასა და ჰოლანდიელს ყვითელი ბარათი უჩვენა, რომელიც მისთვის მეორე აღმოჩნდა.
ამან სტუმრებზე ცუდად იმოქმედა და შესვენებამდე ორი წუთით ადრე გომესმა ხოაკინ სანჩესის ჩაწოდებული ბურთი კარში გადაგზავნა. “ფიორენტინა” მანამდეც ხომ ფლობდა უპირატესობას და რა გასაკვირია მეორე ტაიმში კიდევ უფრო რომ გაილაღა. 49-ე წუთზე სალახმა ბურთი ძელს გაარტყა და მერე ისეთი სიტუაციიდან ააცილა, გატანა უფრო ადვილი იყო. “დინამოს” დასაკარგი არაფერი ჰქონდა და მატჩის მიწურულს ორი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მეორე გოლი სწორედ მათ კარში გავიდა - ხუან მანუელ ვარგასი საჯარიმოში ფლანგიდან შეიჭრა და კიეველთა იმედებს წერტილი ძლიერი დარტყმით დაუსვა.
თასის მფლობელმა “სევილიამ” ორი მატჩის ჯამში “ზენიტი” დაამარცხა და ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს. სანქტ პეტერბურგელებს პირველი თამაში 1:2 ჰქონდათ წაგებული და დისკვალიფიკაცია მოხდილი ოთხეულის დაბრუნების შემდეგ, იმედიანად იყვნენ, მაგრამ მე-6 წუთზე გოლი გაუშვეს - კარლოს ბაკამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. მასპინძლებს ნებისმიერ შემთხვევაში ორი გოლის გატანა ჭირდებოდათ, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს არ გაუმართლათ და დანის დარტყმული ძელმა აისხლიტა. ასეთ სიტუაციაში “ზენიტს” მასპინძელთა მეკარე, შარშანდელი ფინალურიმატჩის გმირი ბეტუ დაეხმარათ, რომელმაც ორი უხეში შეცდომა დაუშვა. პირველად მან მარტივი ბურთი ვერ დაიმორჩილა და ხოსე რონდონმა ამ მატჩში წონასწორობა აღადგინა, ხოლო 72-ე წუთზე ჰალკმა შენიშნა, რომ ის ძალიან წინ იყო გამოსული და მაღალ კუთხეში დაარტყა. ბეტუ შეცდომის გამოსწორებას ეცადა, მაგრამ ბურთთან ერთად კარის ბადეში აღმოჩნდა. “ზენიტმა” თამაშის მოგება განიზრახა, მაგრამ ბეტუმ საჩუქრების ჩამორიგება შეწყვიტა, 85-ე წუთზე უკვე კევინ გამეირომ მიიღო რუსთა საჯარიმოში ვიტოლოს გამჭოლი გადაცემა და ამ თამაშში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ორი შეხვედრის ჯამში “სევილია” ნახევარფინალში გაიყვანა.
“ნაპოლის” პირველი თამაში ისეთი სხვაობით ჰქონდა მოგებული, რომ განმეორებით შეხვედრაში თავს მოდუნების უფლება მისცა. “ვოლფსბურგი” პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. შესვენების შემდეგ კალეხონმა და მერტენსმა “ნაპოლი” 2:0 დააწინაურეს, რაზეც კლოზემ და პერიშიჩმა ორი ზუსტით დარტყმით უპასუხეს და მატჩიც 2:2 დასრულდა “ნაპოლის” სასარგებლოდ. ამრიგად, ნეაპოლელებს აგერ უკვე 12 საშინაო თამაშია, ევროთასებზე მარცხი არ განუცდიათ.
ევროპის ლიგის 1/4-ფინალი. განმეორებითი მატჩები
23 აპრილი.
ზენიტი (რუსეთი) - სევილია (ესპანეთი) 2:2 (პირველი მატჩი 1:2)
გოლები: 0:1 ბაკა (6 პ.), 1:1 რონდონი (48), 2:1 ჰალკი (72), 2:2 გამეირო (85)
გაფრთხილება: ლუიშ ნეტუ (5), ვიტცელი (40), ლოდიგინი (90+5) - იბორა (76), ბანეგა (83)
დნიპრო (უკრაინა) - ბრიუგე (ბელგია) 1:0 (პ.მ. 0:0)
გოლი: შახოვი (82)
გაფრთხილება: როტანი (59), კანკავა (81) - ულარე (87)
ფიორენტინა (იტალია) - დინამო (კიევი, უკრაინა) 2:0 (პ.მ. 1:1)
გოლები: 1:0 გომესი (43), 2:0 ვარგასი (90+4)
გაფრთხილება: ლენსი (14, 40)
გაძევება: ლენსი (40)
ნაპოლი (იტალია) - ვოლფსბურგი (გერმანია) 2:2 (პ.მ. 4:1)
გოლები: 1:0 კალეხონი (50), 2:0 მერტენსი (65), 2:1 კლოზე (71), 2:2 პერიშიჩი (73)