კალათბურთი

1:01 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოთხთა ფინალი” “რეალმა” და “ოლიმპიაკოსმა” შეავსეს

გაირკვა ევროლიგის “ოთხთა ფინალის” ყველა მონაწილის ვინაობა. ნახევარფინალებში მანუჩარ მარკოიშვილის მოსკოვის ცსკა პირეოსის “ოლიმპიაკოსს” ეთამაშება, ხოლო სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” მეტოქე მადრიდის “რეალი” იქნება.

“რეალმა” მისსავე მშობლიურ დარბაზში დაგეგმილი დასკვნითი ეტაპის საგზური სტამბოლში გაიფორმა, სადაც “ანადოლუ ეფესს” 76:63 სძლია და სერიაში 3:1 მოიგო.

მადრიდელთა მხრიდან თავი რუდი ფერნანდესმა (17), სერხიო ლულმა (14), სერხიო როდრიგესმა (12) და ფელიპე რეიესმა (10) გამოიჩინეს, მასპინძლებს კი სერბმა ნენად კრსტიჩმა ულიდერა 16 ქულით.

ასევე 3:1 იმარჯვა “ოლიმპიაკოსმა”, რომელმაც “ბარსელონას” დრამატულ მატჩში, საფინალო სირენასთან ერთად გეორგიოს პრინტეზისის მიერ ჩაგდებული სამქულიანის წყალობით აჯობა – 71:68.

საბოლოოდ, პრინტეზისმა 14 ქულა მიითვალა და თანაგუნდელთაგან მხოლოდ ვასილის სპანულისს (17) ჩამორჩა, კატალონიელებს კი ანტე ტომიჩმა (13), ტომაშ სატორანსკიმ (12) და ალექს აბრინესმა (11) ულიდერეს.

“ოთხთა ფინალი” მადრიდის “ბარკლაიქარდ სენთერში” 15-17 მაისს ჩატარდება. 15-ში ნახევარფინალური თამაშები შედგება, 17-ში კი – მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი.

0.137837