ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონი ისტორიაში შევიდა. შევიდა იმ მხრივ, რომ საუკეთესო 4 გუნდში თავი ისეთმა გუნდებმა მოიყარეს, რომელთაც ამ უდიდესი ტურნირის ნახევარფინალში სხვებთან შედარებით ყველაზე მეტჯერ გაუღწევიათ.
მათგან ერთ-ერთი ტურინის “იუვენტუსია”. გუნდი, რომლის შანსსაც მავანნი საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, ერთობ სასაცილოდ უდგებიან. არადა, გასაკვირია, “იუვენტუსი” არც “ბოლონიაა” და უკეთეს შემთხვევაში არც “ტორინო” (ამ გუნდების მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად).
ტურინელები ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩემპიონთა ლიგის აღნიშნულ ეტაპზე ხანგრძლივი, მთელი 12 წლიანი პაუზის შემდგომ გავიდნენ. დიახ, სწორედ 2003 წლის 22 აპრილი იყო, როცა მარჩელო ლიპის კოლორიტი ბიჭები კატალონიის სიამაყის, “კამპ ნოუს” ხასხასა მწვანე მინდორზე რომ ზეიმობდნენ გამარჯვებას. მაშინ, ალბათ, ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ისეთ ბრენდს, როგორც “იუვენტუსია” ათეულ წელზე მეტი დასჭირდებოდა ევროპაში თავისი ადგილის დასაბრუნებლად, თუმცა განგება მოულოდნელობებითაა აღსავსე და ფაქტია რომ დასჭირდა.
“მონაკო” არც “ბარსელონაა” და არც კარლოს ტევესია ალესანდრო დელ პიერო, არც ჯორჯო კიელინია ლილიან ტურამი და არც არტურო ვიდალია პაველ ნედვედი... ახლა სხვა დროა, ახლა სხვა “იუვენტუსია”, უფრო მეტად მოწყურებული, უფრო მეტად გამოუცდელი, თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება მათ მთავარ კოზირადაც კი იქცეს.
ისე, უცნაურია, არც 12 წლის წინ აგდებდა სათვალავში ტურინულ გუნდს ვინმე, მაშინაც წინასწარ განწირულნი ეგონათ დაუმარცხებელ “ბლაუგრანასთან” თამაშამდე (იმ სეზონში “ბარსას” ლიგაზე თამაში არ წაეგო), მაგრამ ფეხბურთი ხომ სწორედ იმიტომ გვიყვარს, რომ პროგნოზები ხშირად ვერ ან არ მართლდება ხოლმე...
არც ნახევარფინალში მადრიდის “რეალთან” მიიჩნეოდა, რომ “ზებრებს” ფინალში გასვლის დიდი შანსი ჰქონდათ, თუმცა რაც დამართა “ბებერმა ქალბატონმა” “გალაქტიკოსს” ვგონებ, ყველას კარგად მოეხსენება და ამის შესახებ თემის გავრცობა უადგილოც მგონია.
არავინ იცის, ახლა ისევ ჩემპიონთა თასის (ლიგის) ორგზის გამარჯვებულზე მომიწევდა წერა თუ გაცილებით მეტჯერ ტრიუმფატორის, რომ არა ზუსტად 9 წლის წინ, ე.წ. “კალჩოპოლის” სკანდალი და იმხანად ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის (შემადგენლობით ყოველ შემთხევაში მაინც) ქვედა ლიგაში გადასროლა მავანთა თუ ჩავანთა გამო. ფაქტია მაშინ ბრენდი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 12 მილიონ ქომაგზე მეტი ჰყავდა, გაიწირა. ბევრი ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ გუნდად იქცეოდა ან სულაც იმავე ქვედა ლიგის მუდმივი ბინადარი შეიქნებოდა, მაგრამ შეუძლებელია რობერტო ბაჯოს, მიშელ პლატინის, ზინედინ ზიდანის გამოვლილ გუნდს ასე დამართნოდა...
ჰოდა, ტურინელთათვის იმ ავად სახსენებელი მომენტიდან ლამის ცხრა წლის თავზე, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ “იუვე” დაბრუნდა! შეიძლება ეს წლევანდელ სეზონში შავ-თეთრთა მაქსიმუმიც იყოს, მაგრამ ფაქტს ვერავინ გაექცევა - “იუვენტუსი” თავიდან შედგა, როგორც “იუვენტუსი”.
ტურინის “იუვენტუსი” საკუთარი ფერფლიდან აღმოცენდა და ახლა მასთან თამაში არავისთვის იმდენად სასურველი არ უნდა იყოს, რამდენადაც ეს ერთი შეხედვით, გარედან, დაუკვირვებელი თვალით მოსჩანს.
წინ კი დიდებული ნახევარფინალები გველოდება, რომელზეც ვინ იცის, ფეხბურთის გურმანები კარგა ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ კიდეც...