ბარსელონაში მყოფმა რაფა ნადალმა კომენტარი ნოვაკ ჯოკოვიჩის თამაშზე გააკეთა. მალიორკელის თქმით, მსოფლიო რეიტინგსიის სერბი ლიდერი უწინაც კარგად ასპარეზობდა, სადღეისოდ კი “ნოლე” შეუდარებელია. “ჩემი აზრით, 2011 წლის მსგავსად, ჯოკოვიჩი ამჯერადაც საუკეთესოა, ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ყველანი უნდა შევეგუეთ, რომ ნოვაკი კიდევ კარგა ხანს იქნება კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე”, - აცხადებს რაფა.
ბარსელონას ტურნირის რვაგზის ჩემპიონმა ნადალმა წლევანდელი გათამაშების სასტარტო მატჩში თანამემამულე ნიკოლას ალმაგროს 6:3, 6:1 მოუგო და მომდევნო შეხვედრაში დღეს იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება. “მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, მთლიანობაში კარგად ვითამაშე, რაც მეტად მახარებს”, - მოკლედ მოჭრა ნადალმა ალმაგროს დამარცხების შემდეგ.
ალმაგროსთან მოგება რაფას საფეხბურთო “ბარსელონას” ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნეიმარმა მიულოცა. ნადალმა და ნეიმარმა რამდენიმე წუთით გაისაუბრეს და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
ბარსელონას Barcelona Open BancSabadell – Trofeo Conde de Godó-ის წლევანდელი გათამაშების საპრიზო ფონდი 2 265 235 დოლარია.