ფეხბურთი

2:03 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალი ყველაზე გამოცდილი ნახევარფინალისტებით დაკომპლექტდა

ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ნახევარფინალმა ის სახე მიიღო, რომელიც, ტურნირის ისტორიის გათვალისწინებით, ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი. ამ ტურნირის ისტორიაში, ნახევარფინალში ყველაზე მეტჯერ „რეალს“, „ბარსელონას“, „ბაიერნსა“ და „იუვენტუსს“ უთამაშიათ. მიმდინარე სეზონში, ევროპის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის სწორედ ისინი მოხვდნენ.

„რეალი“-„ატელტიკოსა“ და „მონაკო“-„იუვენტუსის“ დაპირისპირებები, ერთი კვირის წინანდელის მსგავსად, ამჯერადაც გოლმწირი აღმოჩნდა. ამ ორ შეხვედრაში დღესაც მხოლოდ ერთი ბურთი გავიდა.

ეს ერთადერთი გოლი მადრიდის „რეალმა“ გაიტანა. „სამეფო კლუბმა“, გასული გათამაშების ფინალის მსგავსად, თანაქალაქელი მეტოქე შეხვედრის მიწურულს გატეხა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ ძალზე დაძაბულ მატჩში მასპინძელი გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა. „ატლეტიკოს“ ერთი რეალურად სახიფათო მომენტიც კი არ შეუქმნია, ანჩელოტის შეგირდებმა კი, ობლაკის კართან სიტუაცია რამდენჯერმე დაძაბეს.

პირველ ტაიმში ერთადერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასულმა რონალდუმ ობლაკს ვერ აჯობა. პორტუგალიელმა თავი გატანილი გოლით ვერც შემდეგში გამოიჩინა და 2012 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მან გატანა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ მატჩში ვერ მოახერხა.

მე-2 ტაიმის დასაწყისში, ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა ხავიერ ერნანდესმა არაზუსტად დაარტყა. მოგვიანებით, მექსიკელ თავდამსხმელს უკვე ობლაკმა აუღო.

„ატლეტიკო“, „რეალის“ უპირატესობის მიუხედავად, მეტოქის შეტევებს მაინც უმკლავდებოდა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე სიმეონეს გუნდი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. სერხიო რამოსთან უხეშობის გამო არდა თურანმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. საინტერესოა, რომ „ატლეტიკოს“, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ პირველ 41 შეხვედრაში, წითელი ბარათი მიღებული არ ჰქონდა, ბოლო 4 მატჩში კი მადრიდელი ფეხბურთელები მოედნიდან 2-ჯერ გააძევეს.

ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი კი 88-ე წუთზე გადაწყდა. კრიშტიანუ რონალდუმ, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან, ხამეს როდრიგესთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, მეტოქის 3 ფეხბურთელის ყურადღება მიიქცია და უმეთვალყურეოდ დატოვებულ ჩიჩარიტოს უპასა, მექსიკელმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ცარიელ კარში გაიტანა.

ეს საგოლე პასი, მიმდინარე სეზონში, კრიშტიანუ რონალდუსთვის მე-19 გამოდგა, რაც პორტუგალიელის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

თამაშის განახლებისთანავე „ატლეტიკო“, ბუნებრივია, შეტევაში დიდი ძალებით წავიდა, მაგრამ „როხიბლანკოს“ მცდელობამ შედეგი ვერ მოიტანა და იკერ კასილიასმა ახალი რეკორდი დაამყარა. ის პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე კარი მშრალად 52-ჯერ შეინახა. ესპანელმა კიპერმა ედვინ ვან დერ სარის მიღწევა გააუმჯობესა.

დღის მე-2 შეხვედრაში, „მონაკოს“ „იუვენტუსთან“ არსებული ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებდა. ლეონარდუ ჟარდიმის გუნდი უპირატესობას ფლობდა და მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ საჭირო გოლის გატანა ვერ მოხერხდა.

ტურინში გამართული შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი პირველივე წუთზე ჯორჯო კიელინის მიერ ყვითელი ბარათის მიღებაა. „იუვენტუსის“ მცველს, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს, ფეხი დაუცდა და მან სახიფათო შეტევა ბურთის ხელში დაჭერით შეაჩერა. საკამათო ეპიზოდში არბიტრმა გადაწყვიტა, რომ კიელინის ჯარიმა ბოლო იმედის არ იყო და მან 30 წლის უკანახაზელს გაფრთხილება აკმარა.

რეალი-ატლეტიკო 1:0 (პირველი მატჩი 0:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-4-2): კასილიასი, კარვახალი, პეპე, ვარანი, კოენტრაუ (არბელოა 90+1), რამოსი, როდრიგესი, კროოსი, ისკო (ილიარამენდი 90+3), ერნანდესი (ხესე 90+2), რონალდუ.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, გამესი, თურანი, ტიაგო (ხიმენესი 86), კოკე, ნიგესი (გაბი 46), მანჯუკიჩი, გრიზმანი (გარსია 65).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

გოლი: 1:0 ერნანდესი (88).

გაფრთხილებები: პეპე 74, არბელოა 90+3 – თურანი 31, გარსია 74, კოკე 90+4.

გაძევება: თურანი 76.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 23 (8)-6 (2), კუთხური: 10-4, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-7, ჯარიმა: 14-12.

მონაკო-იუვენტუსი 0:0 (პირველი მატჩი 0:1)

მონაკო, “ლუი II”

მონაკო (4-3-3): სუბასიჩი, ფაბიანუ, რაგი, აბდენუ, კურზავა, მოუტინიო, ტულალანი (ბერბატოვი 46), კონდოგბია, სილვა, მარტიალი (ჟერმენი 76), ფერეირა (კარვალიო 87).

მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პირლო, ვიდალი (პერეირა 77), ევრა (პადოინი 90), ტევესი, მორატა (ლიორენტე 69).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გაფრთხილებები: სილვა 50, კონდოგბია 76 – კიელინი 1, ტევესი 86.

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 12 (1)-5 (1), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-1, ჯარიმა: 14-17.

0.863156