ჩინეთში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე კარგად თამაშობს საქართველოს ნაკრები, რომელმაც ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. ამჯერად ქართველი მანდილოსების მეტოქე ყაზახეთის ნაკრები იყო. მატჩის ანგარიშია 3-1 საქართველოს ნაკრები სასარგებლოდ. მართალია ყაზახეთის ნაკრების მოჭადრაკეები მაღალი რეიტინგით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ ამ გუნდმა პირველ ტურში ინდოეთი დაამარცხა, მესამე ტურში კი ამერიკელებთან ფრე ითამაშა.
საქართველოს ნაკრებს პირველი ქულა მეოთხე დაფაზე მოასპარეზე საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ნინო ბაციაშვილმა (2473) მოუტანა, რომელმაც გულმირა დაულეტოვა (2201) დაამარცხა. პირველ დაფაზე მოასპარეზე ბელა ხოტენაშვილმა (2513) ყაზახთა გუნდის ლიდერს ჟანსაი აბდუმალიკს (2411) აჯობა. მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს მეორე დაფაზე მოასპარეზე ლელა ჯავახიშვილმა (2481) და მესამე დაფაზე მყოფმა მერი არაბიძემ (2374), საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი ანგარიშით 3-1 იმარჯვა და მორიგი 2 ქულა მოიპოვა.
ასევე დიდ ინტერესს იწვევდა მეორე ადგილზე მყოფი რუსეთის თამაში, რომლის მეტოქე ინდოეთი იყო. სლავებმა უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და საქართველოსთან ერთად ასპარეზობას დაუმარცხებლად განაგრძობენ.
მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ყაზახეთი – საქართველო 1-3
ინდოეთი – რუსეთი 1,5-2,5
ეგვიპტე – ჩინეთი 0-4
პოლონეთი – სომხეთი 1,5-2,5
უკრაინა – აშშ 3-1
მეხუთე ტურში, ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი საქართველოს ნაკრები მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ უკრაინის ნაკრებს შეხვდება, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი თამაშობს. რაც შეეხება რუსეთს, შეიძლება ითქვას, რომ მათ 2 ქულა გარანტირებული აქვთ, რადგან 0 ქულის მქონე ეგვიპტეს ხვდება.
მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი. 23 აპრილი.
საქართველო – უკრაინა
აშშ – ინდოეთი
სომხეთი – ყაზახეთი
ჩინეთი – პოლონეთი
რუსეთი – ეგვიპტე
სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ:
I საქართველო 7 ქულა
II რუსეთი 6
III-V უკრაინა, სომხეთი, ჩინეთი 5-5
VI აშშ 4
VII-VIII ყაზახეთი, პოლონრთი 3-3
IX ინდოეთი 2
X ეგვიპტე 0