საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” დედამიწის დღე აღნიშნეს. ღონისძიებას სფფ-ს სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე, მოქმედი ფეხბურთელი გიორგი ლორია და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვეტერანი ფეხბურთელი არჩილ არველაძე სფფ-ს ბავშვთა აკადემიის მოთამაშეებს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, არამხოლოდ ფეხბურთელისა და ზოგადად სპორტსმენის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის ჯანსაღი წესით ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის კი აუცილებელი პირობაა.
“ჩვენს ქვეყანას უნდა მოვუფრთხილდეთ. გარემოზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია. ჯანსაღი ჰაერი, სუფთა გარემო ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ქუჩის ნაცვლად ურნაში ჩავაგდებთ ნაგავს, ეს იქნება პატარა ნაბიჯი გარემოში სისუფთავის შესანარჩუნებლად. ბევრი ასეთი ნაბიჯი კი რეალურ შედეგს მოგვიტანს.
“ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ალბათ ყველაზე უკეთ მაინც სპორტსმენებს უნდა ესმოდეთ. მომავალი თაობის ფეხბურთელებმა ეს კარგად უნდა გაიაზრონ” – აღნიშნა არჩილ არველაძემ.
“მოხარული ვარ აქ ყოფნით. რაც მეტი ადამიანი მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს მით უკეთესი. ჩვენი აქ შეკრების აზრიც სწორედ ის არის, რომ მივყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ დავანაგვიანოთ გარემო, მოვუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, ქვეყანას და ყველაფერი უფრო კარგად იქნება” - აღნიშნა გიორგი ლორიამ.
გიორგი ლორიამ მისი კარიერის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა.
შეხვედრისას სფფ-ს ბავშვთა აკადემიის მოთამაშეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. ასევე ბურთები არჩილ არველაძისა და გიორგი ლორიას ავტოგრაფებით.
ღონისძიების მიზანს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ბუნებას მოფრთხილება სჭირდება. ამიტომაც პირველ ყოვლისა აუცილებელია საკუთარი ქცევის შეფასება.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი(WWF) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა. მას ხუთ მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ფონდის მთავარ მისიაა ადამიანებმა ბუნებასთან ჰარმონიულ კავშირში იცხოვრონ.