ფეხბურთი

13:51 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “ყველაფრისთვის მზად ვართ”
სიმეონე: “რეალის” დანაკლისზე არ ვფიქრობ”

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალურ მატჩში “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალი” “ატლეტიკოს” დაუხვდება და ურთიერთშეხვედრებში 7 მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ მეტოქის ძლევას ეცდება. სხვა გზა “ბლანკოსს” არც აქვს – ვერმოგების შემთხვევაში დიდია შანსი მომდევნო ეტაპზე “როხიბლანკო” გავიდეს” (შედეგიანი ფრე “ატლეტიკოს” აძლევს ხელს).

მომავალი მატჩის შესახებ მეტოქე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კარლო ანჩელოტი (“რეალის” მწვრთნელი): “მე მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვწვრთნი და მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც მოედანზე იქნებიან. აზრი არ აქვს იმათზე ლაპარაკს, ვინც ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის თერთმეტმეტრიანების სერიისთვისაც.

უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ერთი კვირის წინ, როცა “კალდერონზე” კარგი თამაში ვაჩვენეთ და მხოლოდ იმიტომ ვერ მოვიგეთ, რომ “ატლეტიკო” ძალიან ძლიერია და საუკეთესოა დაცვის ხაზში.

გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ თამაშის პირველი წუთიდან, ბოლო წუთამდე. ამ მატჩისთვის ყველანი მზად ვართ და 100%-ით მოტივირებულები გახლავართ”, - თქვა ანჩელოტიმ.

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკოს” მწვრთნელი): “”რეალის” დანაკლისზე საერთოდ არ ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ შევუქმნა “ბლანკოსს” პრობლემები. დიდ პატივს ვცემ იმ ფეხურთელებს, რომლებიც დაშავებულების ადგილს დაიკავებენ, მართალია ყოველი ფეხბუთელი განსხვავდება სხვა მოთამაშისგან.

ეს თამაში ლისაბონის ფინალისგან განსხვავებული მატჩი იქნება, რადგან მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ორივე გუნდში ბევრი ახალი ფებხურთელიც გამოჩნდა, რომლებსაც იმ ფინალში არ უთამაშიათ. ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და მიზანსაც მივაღწევთ” – დასძინა სიმეონემ.

“ვისენტე კალდერონზე” გამართული პირველი მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა და დღეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს თითქმის თანაბრად აქვს.

0.11334