კალათბურთში „ა“ ლიგა მეორე წრის მატჩებით განახლდა. მე-6 ტურის ორ შეხვედრას კალათბურთის აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა. პირველები სარბიელზე „კაკტუსი“ და თსუ გავიდნენ. თსუ-ს რევანშისთვის უნდა ებრძოლა, რადგან პირველ წრეში „კაკტუსთან“ 84:90 ჰქონდა წაგებული. რევანშზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ეს გუნდები სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად IV-V ადგილზე იმყოფებიან. „კაკტუსი“ თსუ-ს ორი მოგებით უსწრებდა და აღნიშნულიდან გამომდინარე სტუდენტებს მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ. მართალია, სტუდენტებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი სამი ქულის სხვაობით 17:14 მოიგეს, მაგრამ მეორე მეოთხედში ამ გუნდს ვეღარ იცნობდით - ეს მონაკვეთი 16 ქულის სხვაობით 7:23 წააგო. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი ამ მეოთხედში გადაწყდა „კაკტუსის“ სასარგებლოდ. დარჩენილ დროში თსუ ბევრს ეცადა, მაგრამ შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო. მატჩის საბოლოო ანგარიშია 75:66 „კაკტუსის“ სასარგებლოდ. შეხვედრაში საუკეთესო იყო „კაკტუსის“ ამერიკელი ლეგიონერი სამა ტაკუ, რომელმაც 23 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. თსუ-ს კი გუნდის კაპიტანმა მიხეილ ფანჩულიძემ ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულაა.
თსუ - კაკტუსი 66:75
(17:14, 7:23, 17:18, 25:20)







