იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა თავისი მოსაზრებით, ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის გუნდი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდში ჯიჯიმ საკუთარი თავის ადგილი ვერ გამოძებნა.
მეკარე: იკერ კასილიასი – კარში ბუფონმა ადგილი ესპანელ იკერ კასილიასს მიუჩინა – “ბავშვობაში ჩემი იდეალი ტომას ნკონო გახლდათ, მაგრამ ჩემს ეპოქაში კასილიასი ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენს შორის ყოველთვის სუფევდა უდიდესი პატივისცემა”, იტყვის ბუფონი.
მცველები: ლილიან ტურამი, ფაბიო კანავარო, პაოლო მალდინი, რობერტო კარლოსი – “კარლოსის დარტმყული ბურთის მოგერიება ყველაზე მეტად მიძნელდებოდა, სახიფათო იყო მაშინაც, როცა შეტევას დაცვიდან იწყებდა. მალდინი?.. – ყველა მცველმა მისი თამაშების ვიდეოჩანაწერები უნდა ჩართოს, უყუროს და ისწავლოს! ტურამი “იუვენტუსში” ჩემთან ერთად მივიდა, მანამდე “პარმაშიც” თანაგუნდელები ვიყავით. ფიზიკურად მისი დაჩაგვრა წარმოუდგენელი იყო. კანავაროსთან 2006 წელს “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლა წავაგე, მაგრამ იმ წელს ის საუკეთესო მცველი იყო მთელ მსოფლიოში”, - თქვა ჯიჯიმ.
ნახევარმცველები: ანდრეა პირლო, ჯენარო გატუზო, პაველ ნედვედი – “პირლო ფეხბურთის გენიოსია. გატუზო მართლაც ჩემი მეგობარია, მაგრამ იგი თავის პოზიციაზე საუკეთესო იყო. ნედვედი “იუვენტუსისთვის” ფასადაუდებელი ფეხბურთელი იყო. მან სერია B-ში თამაშიც გადაწყვიტა, არადა, იმ დროისთვის შეეძლო ევროპის რომელიმე გრანდში ეთამაშა”, - აგრძელებს XXI საუკუნის საუკეთესო მეკარე.
თავდამსხმელები: რობერტო ბაჯო, რონალდო, ლიონელ მესი – “ბაჯოს წინააღმდეგ პირველად 17 წლისამ ვითამაშე. გასაოცარი მოთამაშე იყო. ჩემი აზრით, რობერტო იტალიის ბოლო 30 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. როცა მესი სათამაშოდ 100%-ითაა მზად, შეგიძლია გაჩერდე. რონალდო კი უდაოდ საუკეთესოა მათ შორის, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. ვფიქრობ, რომ არა ტრავმები, მას მარადონას და პელეს სიმაღლეზე ასვლაც შეეძლო”, - დაასრულა 37 წლის ბუფონმა.