სხვა

21:51 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები ლუქსემბურგთან მატჩების წინ

ხელბურთის საკლუბო სეზონში უკანასკნელი მატჩებია სანაკრებო პაუზამდე. აპრილის ბოლოდან განახლდება ევროპის 2016 და 2018 წლების საკვალიფიკაციო შეჯიბრებები. საქართველოს ნაკრები 2018 წლის ევროპირველობის პირველ შესარჩევ ეტაპს თამაშობს და 30 აპრილს ქუთაისში, ხოლო 3 მაისს ლუქსემბურგში ეთამაშება ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს.

ამავე ჯგუფშია ესტონეთი, რომელთანაც უკვე ორჯერ ვითამაშეთ და სრული თანაფარდობა გვაქვს - 26-28, 29-27. ივნისში ორი მატჩია ესტონეთსა და ლუქსემბურგს შორის, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე, პლეიოფში, ჯგუფის გამარჯვებული გავა.

რუმინეთის ჩემპიონატში პლეიოფი დაიწყო. იქამდე, სანამ ჩელენჯ კაპის ფინალში გავიდოდა, შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას ოდორჰეიმ მეოთხედფინალის პირველი მატჩის გამართვა მოასწრო. სტუმრად, პოტაისა ტურდას წინააღმდეგ რუსია კვლავ კლუბის საუკეთესო ბომბარდირი იყო 5 გოლით, მაგრამ ოდორჰეი მოულოდნელად, 23-26 დამარცხდა. საპასუხო მატჩი ოდორჰეიში გაიმართება 6 მაისს და იქვე შედგება მესამე თამაშიც, თუ საჭირო გახდა - ბრძოლა ორ მოგებამდეა.

ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა პლეიაუტში იბრძვის და უკვე ორი თამაში მოიგო - შინ სტიაუასთან, 27-22 და სტუმრად, ვასლუიში - 29-26. ჩიქოვანმა 4-4 გოლი გაიტანა, მისი კლუბი კი ვასლუისთან ერთად 19 ქულით ლიდერობს ხუთგუნდიან ტურნირს, საიდანაც უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ორი დარჩება. მესამე ადგილზე მყოფ სუჩავას 13 ქულა აქვს. ამ შეჯიბრებაშიც პაუზაა 6 მაისამდე.

მაკედონიის ფინალურ ექვსეულში პრინციპული მატჩი ჰქონდა რევაზ ჭანტურიას ზომიმაკ-სტრუმიცას, ვინც სტუმრად 20-21 დამარცხდა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტთან, სკოპიეს მეტალურგთან. ქართველმა გარემარბმა 3 გოლი გაიტანა, სტრუმიცას კი 2 თამაშიდან ერთი მოგება აქვს და სანაკრებო პაუზამდე ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტ სკოპიეს ვარდარს უმასპინძლებს. შაბათ-კვირას სტრუმიცამ მაკედონიის თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა - ჯერ მოუგო ვარდარის ახალგაზრდულ გუნდს, 30-23 ხოლო ფინალში - პელისტერს 34-29 და 16-17 მაისს ითამაშებს ფინალურ ოთხეულში - ვარდართან, მეტალურგთან და პროლეტთან ერთად. ჭანტურიამ ამ ორ სათასო მატჩში 6 და 8 გოლი გაიტანა.

სერბეთის ჩემპიონატის ფინალურ ოთხეულს ექვსეულს ოთხი მატჩიდან 4 მოგებით ლიდერობს ნოვი სადის ვოივოდინა. მეოთხე მოგება კლუბმა იუგოვიცთან მოიპოვა - 33-24. სერგო დათუკაშვილი კვლავ ტრავმას მკურნალობს, სანაკრებო პაუზამდე აქ კიდევ ერთი ტურია, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, 6-7 ივნისს ვოივოდინას სერბეთის თასის ოთხთა ფინალიც ელის.

თურქეთის სუპერლიგის პლეიოფს გამოეთიშა საქართველოს ნაკრების მეკარის, გიგა ტორონჯაძის ტრაბზონსფორი, რომელიც მეოთხედფინალურ სერიაში 2-3 დამარცხდა ანკარასფორთან - 30-31, 27-35, 32-29, 28-23, 27-28. რატი მსხვილიძე კლუბს სეზონის დასაწყისშივე გამოაკლდა, როცა ესტონეთის ნაკრებთან მატჩში აქილევსის მყესი გაიწყვიტა.

სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვის ლექსო წითელიშვილის, ზურაბ სიმონიასა და ირაკლი ხიდეშელის კლუბი, თუთუნსფორ აქჩაბათი. პირველი ლიგის საუკეთესო რვა გუნდი ორ ჯგუფად დაიყო. თუთუნსფორი 25-27 აპრილს ითამაშებს ჯუკობირლიგის, საქარიასა და ანადოლუს წინააღმდეგ. ჯგუფების ორ-ორი გამარჯვებული გავა პლეიოფის მეორე ეტაპზე, საიდანაც სუპერლიგის საგზურს ორი გამარჯვებული მიიღებს.

0.120408