მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა მთავარმა მწრთნელმა პორტალ goal.com-თან ისაუბრა. საუბრის ძირითადი თემა ჩემპიონთა ლიგა და მასში შემორჩენილი გუნდები იყვნენ.
სიმეონე გაკვირვებულია ინგლისური გუნდების წარუმატებელი თამაშით, “რეალსა” და “ბარსელონას” ლიგის მთავარ ფავორიტად განიხილავს, ხოლო ტურინის “იუვენტუსს” ყველაზე სახიფათო მეტოქედ.
“გაოცებული ვარ, რომ ინგლისური გუნდები ევროტურნირებს აღარ შემორჩნენ. მათ საოცარი პოტენციალი გააჩნიათ, როგორც ფეხბურთელების მხრივ, ისე ფინანსური თვალსაზრისით. როგორც ჩანს ეს შედეგები პრემიერლიგისთვის საგანგაშო სიგნალი იქნება.
“ბარსელონა” და “რეალი” ლიგაზე შემორჩენილ 8 გუნდს შორის ყველაზე მაღლა დგანან, თუმცა მათთან ბრძოლაში შარშან მოვახერხეთ და ლა ლიგა მოვიგეთ. ეს ძალიან რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა. ეჭვგარეშეა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მოგება უფრო ძნელია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის. თუ ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერ გუნდთან 2 თამაშის ჩატარება გიწევს, ლა ლიგაში მსოფლიოს საუკეთესო ორ გუნდს ჯამში ოთხჯერ ეთამაშები.
მეოთხედფინალში ყველა გუნდი მაღალი დონისაა. ყველაზე სახიფათო მეტოქედ კი ტურინის “იუვენტუსი” მიმაჩნია. მათ ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავთ და ეს ისტორიულად ყოველთვის ასე იყო. გარდა ამისა, კონტრშეტევაზე კარგად თამაში შეუძლიათ. რაც მთავარია, მათ უკვე მოიგეს სერია A და ახლა მთელ ყურადღებას ჩემპიონთა ლიგაზე გადმოიტანენ. “იუვენტუსი” ყველასთვის ძალიან რთული მეტოქე იქნება.
“პორტუ” ჩემპიონთა ლიგაზე საოცრად კარგად გამოიყურება. ეს დიდი სიურპრიზია. ლამაზ და მეტად დინამიკურ ფეხბურთს თამაშობენ. “დრაკონებს” შემტევი გუნდი ჰყავთ და მათ დამარცხება რთულია”, - ამბობს სიმეონე.
თავად არგენტინელის დამოძღვრილი “ატლეტიკო” კი ოთხშაბათს, “რეალს” ეწვევა და მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება.