კალათბურთი

0:51 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის ცსკა-ს პირველი მარცხი მეოთხედფინალში

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს ევროლიგის ოთხთა ფინალში გასვლა სამომავლოდ გადაიდო. მოსკოველებმა “პანათინაიკოსთან” საშინაო მატჩები იოლად მოიგეს და მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდნენ, ათენში ჩასულებმა კი პირველი თამაში 85:86 წააგეს.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 07:56 წუთი დაჰყო და თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, პასივში კი 1 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.

ცსკა-ს მხრიდან თავი სონი უიმსმა (24 ქულა), ნანდო დე კოლომ (19 ქულა, 5 პასი) და მილოშ ტეოდოსიჩმა (12 ქულა, 5 მოხსნა, 9 პასი) გამოიჩინეს, “პანათინაიკოსის” მხრიდან კი ნიკოს პაპასი გამოირჩა 25 ქულით.

სერიის მომდევნო მატჩი ისევ ათენში 22 აპრილს შედგება, ხოლო თუკი ანგარიში 2:2 გახდა, გადამწყვეტ შეხვედრას 28 აპრილს მოსკოვი უმასპინძლებს.

ამასობაში, უკვე ცნობილი გახდა “ოთხთა ფინალის” პირველი მონაწილე. ის სტამბოლის “ფენერბაჰჩეა”, რომელმაც ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი თელ-ავივის “მაკაბი” 3:0 დაამარცხა. სერიის მე-3 მატჩი ყველაზე დაძაბული გამოდგა და ის თურქებმა ისრაელში ოვერტაიმში 75:74 მოიგეს.

ისიც ვთქვათ, რომ ნახევარფინალში “ფენერბაჰჩე” “რეალსა” და “ანადოლუ ეფესის” წყვილში გამარჯვებულს ელის, რომელსაც მადრიდელები 2:0-ს იგებენ. შესაბამისად, ცსკა-ს და ”პანათინაიკოსს” შორის უმჯობესი “ბარსელონას” და “ოლიმპიაკოსს” შორის გამარჯვებულს ეთამაშება. ამ სერიაში ანგარიში საყაიმოა – 1:1.

0.123126