საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ “მსოფლიო სპორტთან” განაცხადა, რომ კლუბის უმაღლესი ლიგიდან მოკვეთის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.
სერგო ფუტკარაძე: “განვლილ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ფეხბურთის ფედერაციას თამაშის გადადების თხოვნით მივმართეთ, რადგან მატჩის თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით მოტივაცია გვქონდა. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. შესაძლებელია გავასაჩივროთ და ამისთვის ერთკვირიანი ვადა გვაქვს. ამის თაობაზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ.
ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით. 21 აპრილს “ზესტაფონის” დაფინანსების საკითხი საკრებულოს სხდომაზე გადის და იმედია, სასიკეთოდ გადაწყდება. ჩვენ უმაღლეს ლიგაში ვითამაშებთ თუ პირველში დაფინანსება ნებისმიერ შემთხვევაში გვჭირდება. რამდენად მოახერხებს საკრებულო, რომ ზესტაფონში კლუბის შენარჩუნდეს და ხალხის სოციალური დაკვეთა შესრულდეს, ეს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გამოჩნდება.
რაც შეეხება მიხეილ ხუციშვილს, ჩემთვის უცნაურია მისთვის ვინმეს წაქეზების დაბრალება. ის კლუბის გენერალური დირექტორის პოსტზე თავის მოვალეობას დღემდე პირნათლად ასრულებდა და მომავალშიც შეასრულებს”.