ფეხბურთი

13:16 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაიას დუბლი რუსეთის პირველ დივიზიონში

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 28-ე ტურში, ტომსკის “ტომმა” იაროსლავლის “შინიკს” უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა. ტომსკელებში რუსეთის მოქალაქე ფორვარდმა ანზორ სანაიამ დუბლი შეასრულა. მან მეტოქის კარი 55-ე და 78-ე წუთებზე აიღო. მიმდინარე სეზონში 25 წლის სანაიამ პირველ დივიზიონში 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ის რუსეთშია დაბადებულ-გაზრდილი. მამამისი ზურაბ სანაია წარსულში მეკარე იყო და კარიერის დასრულების მერე მწვრთნელი გახდა. “ტომი” 56 ქულით 18 გუნდში მეორეა.

ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომელიც საშინაო მატჩებს კრიმსკში ატარებს, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგა” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. აქამდე, ხაბაროვსკელებს ზედიზედ 10 მატჩი არ მოეგოთ. მარჯვენა მცველმა კახა ალადაშვილმა გამარჯვებულებში სრულად ითამაშა. ნახევარმცველი გოგიტა გოგუაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-7 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 73-ეზე შეცვალეს. შუახაზელი გუჯა რუხაია და რუსეთის მოქალაქე ფორვარდი ლაშა იმედაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდნენ. თავდამსხმელი მერაბ ურიდია “ვოლგას” რიგებში 66-ე წუთზე გამოჩნდა. ნიჟნინოვგოროდელები 37 ქულით მე-8 პოზიციაზე არიან. “სკა-ენერგია” 30 ქულით მეთოთხმეტეა.

ტიხვინის “ტოსნომ” სახლში ნოვოსიბირსკის “სიბირს” 2:0 აჯობა. მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ და მარჯვენა მცველმა რუსეთის მოქალაქე გურამ თეთრაშვილმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყვეს. მეკარე ნუკრი რევიშვილი სასტარტო შემადგენლობაში კვლავ ვერ მოხვდა. ასე თუ გაგრძელდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი სავარაუდოდ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო ტიხვინელებთან კონტრაქტი გასულ კვირაში გაწყვიტა. “ტოსნო” 55 ქულით მეოთხეა.

ძერჟინსკის “ხიმიკმა” სახლში კალინინგრადის “ბალტიკას” 2:0 სძლია. რუსეთის მოქალაქე მცველი გიორგი ჯიქია გამარჯვებულთა სასტარტოში იმყოფებოდა და 28-ე წუთზე “გააყვითლეს”, მე-60-ზე კი შეცვალეს. მეკარე გიორგი შელიამ კალინინგრადელთა რიგებში 90 წუთი გაატარა. “ბალტიკა” 29 ქულით მეთხუთმეტეა. “ხიმიკი” 24 ქულით მე-17 ადგილზეა.

“ტიუმენმა” “სახალინი” მიიღო და 5:1 მოუგო. შემტევი ნახევარმცველი გიორგი კახელიშვილი სახალინელთა სასტარტოში მოხვდა და 78-ე წუთზე შეცვალეს. ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “სახალინი” 25 ქულით მეთექვსმეტეა.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) 26-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კიშინიოვის “დაჩია” თავის მოედანზე ტირასპოლის “შერიფს” უგოლოდ გაეყარა. ფორვარდი დავით სირაძე კიშინიოველთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. “დაჩიას” კიდევ ერთი ქართველი თავდამსხელი ჯაბა დვალი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. “დაჩია” 11-გუნდიან სატურნირო ცხრილს 43 ქულით ლიდერობს.

“საქსანმა” სტუმრად “დინამო-ავტოსთან” 1:4 წააგო. ნახევარმცველმა ირაკლი გოგინაშვილმა დამარცხებულთა შორის მეორე ტაიმი ჩაატარა. ამ მატჩის მერე, “საქსანის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ლუტიმ თანამდებობა დატოვა. “საქსანი” 24 ქულით მეექვსეა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში “ბასტიამ” შინ “რეიმსთან” 1:2 წააგო. 20 წლის ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე ბასტიელთა 18-კაციან განაცხადში კვლავ არ იყო. “ბასტია” 37 ქულით 18 გუნდში მეთექვსმეტეა.

ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) 29-ე ტურში “პარიზმა” გასვლაზე “შამბლის” 2:1 მოუგო. მარცხენა მცველმა ამირან სანაიამ დიდი ხნის პაუზის შემდეგ პარიზელებში ითამაშა. მან მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. “პარიზი” 57 ქულით 18 გუნდში მეორეა.

სომხეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში, “ულისმა” შინაურ კედლებში ლიდერი “პიუნიკი” 2:1 დაამარცხა. 64-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ფორვარდმა ირაკლი გეფერიძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. “ულისი” 8-გუნდიან პრემიერლიგაში მესამეა. მის რიგებში გეფერიძის გარდა, ქართველებიდან ზამირ ჯანაშია, გალაქტიონ ზოიძე, გიორგი ხუბუა, დავით ხურციძე (რუსეთის მოქალაქე) და ლევან ჯღარკავა (რუსეთის მოქალაქე) გამოდიან.

იტალიის ლეგა პრო A-ს (მე-3 ლიგა) 35-ე ტურში “სუდტიროლმა” “მანტოვა” მიიღო 0:1 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა ირაკლი შეყილაძემ მასპინძლებში 79-ე წუთიდან ითამაშა. “სუდტიროლი” 44 ქულით 20 გუნდში მეთერთმეტეა.

სამხრეთ აფრიკის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურში “ვითსმა” სახლში “ჩიპა იუნაიტედს” ვერ აჯობა. ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე მასპინძლების სამატჩო განაცხადში ისევ არ იყო. “ვითსი” 45 ქულით 16 გუნდში მესამეა.

0.115208