ფეხბურთი

20:40 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამოს” იოლი მოგება

მოქმედმა ჩემპიონმა 24-ე ტურში აუტსაიდერი იოლად დაამარცხა – 3-0. მატჩმა დაბალ ტემპში ჩაიარა, ფეხბურთელები ნაკლებად მოძრაობდნენ. უმრავლეს შემთხვევებში შეტევები ინდივიდუალური კლასის ხარჯზე ვითარდებოდა და მწვავდებოდა.

“დინამოს” ძირითადში ვერ მოხვდა საბა ლობჟანიძე, რომელსაც სწრაფი ფლანგური შეტევებიდან შეუძლია მეტოქის უკანა ხაზის შეწუხება. ძირითადში ასევე არ იყო გიორგი გველესიანი, გასულ ტურში მის შეცდომას მოჰყვა “მერანთან” გაშვებული გოლი და “დინამომ” სამი ქულა დაკარგა. დღევანდელ შეხვედრაში კახა გოგიჩაიშვილმა დაცვის ცენტში რენე ფერეირა და ლაშა თოთაძე ათამაშა.

სეზონის მეორე ეტაპზე “ვიტ ჯორჯიამ” რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში მცხეთურ კლუბზე დადებითის თქმა ძნელია. რამდენიმე ეპიზოდში კურდღელაშვილი და მაისურაძე ცდილობდნენ ჰრდლიჩკას კარში გატანას, მაგრამ მათი სახიფათო დარტყმები არაზუსტი გამოვიდა. ალბათ უფრო მეტი შეუძლია ვანო კურდღელაშვილს, მაგრამ დღევანდელ მატჩში “ვიტ ჯორჯიას” ნახევარდაცვამ მეტოქის ნახევარზე გადასვლა ვერ მოახერხა, რამაც განაპირობა “დინამოს” დომინირება. მოედნის ცენტრში თითქმის მხოლოდ თბილისელები აგორავებდნენ ბურთს, აქ მათ წინააღმდეგობა არ ხვდებოდათ.

თამაშის მიმდინარეობისას “დინამოს” ცენტრალური მცველი ლაშა თოთაძე მოედნის მთელ სიგრძეზე დიაგონალური პასების გაკეთებას ცდილობდა და ერთ-ორ ეპიზოდში ძალიან კარგადაც გამოუვიდა.

პაპუნაშვილმა ანგარიში ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გახსნა. მე-14 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, საჯარიმოს მიახლოვდა და ცაციათი დაარტყა. შეროზია გადახტა, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა.

ტაიმის მიწურულს კუთხურიდან მოწოდებულს ახლო ძელთან მათე ცინცაძემ დაუხვედრა თავი და ბურთი პირდაპირ საპირისპირო ძელისკენ ჩაეშვა. ორიგინალური დარტყმა გამოვიდა, ჩვენს ჩემპიონატში თავური დარტყმებით იშვიათად გადის გოლები, ცინცაძის გოლი კი შემოქმედებითი კუთხითაც კარგი სანახავი იყო.

შეიძლება ითქვას, ცინცაძის გოლი გადამწყვეტი გამოვიდა, რადგან თამაშიდან გამომდინარე, ორბურთიანი უპირატესობის აღმოფხვრა შეუძლებელი ჩანდა. სტუმრები ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მეორე ტაიმი ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

70-ე წუთზე მატჩის საუკეთესო გოლი გავიდა. გიორგი პაპუნაშვილმა საჯარიმოს კუთხესთან მიიღო ბურთი და ცაციათი კარის შორეული კუთხისკენ. ბურთი კარგად დაბზრიალდა, შეროზიას ნახტომი კი უშედეგო გამოვიდა.

“რთული თამაში იყო და, სამწუხაროდ, სასურველი თამაშის ჩვენება ვერ მოვახერხეთ. ჩვენს თამაშში ჩანდა ნაკლოვანებები და მეტოქემ ამის გამოყენება მოახერხა” – განაცხადა თენგიზ კობიაშვილმა.

“ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოგვეგო. სასიხარულოა, რომ მიზანს მივაღწიეთ და წარუმატებელი მატჩების შემდეგ სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ” – აღნიშნა კახა გოგიჩაიშვილმა.

დინამო თბილისი – ვიტ ჯორჯია 3:0 (2:0)

19 აპრილი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა, 200 მაყურებელი

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ტაბატაძე 74), თოთაძე, ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ბუკორაცი 64), ჭანტურიშვილი, მანუელ ონვუ (ლობჟანიძე 67)

მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი

ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, მაისურაძე, დავლაშელიძე, კურდღელაშვილი (ლებანიძე 82), გახარია, დემეტრაშვილი (კახაბრიშვილი 73), საბაძე, ლობჟანიძე (დადიანი 87)

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (14), 2:0 ცინცაძე (42), 3:0 პაპუნაშვილი (70)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

გაფრთხილება: კურდღელაშვილი (75)

0.232642